„ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!“ - ამ სიტყვებს აუცილებლად გაიგონებ, თუკი საქართველოში ქართველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულზე - აღდგომაზე ჩამოხვალ. ბრწყინვალე აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში მართლმადიდებლები ერთმანეთს სწორედ ასე ესალმებიან.
აღდგომას წინ ყველაზე გრძელი - 40-დღიანი მარხვა უძღვის. ამიტომ ეს დიდი დღესასწაული კერძებით მდიდარი სუფრითაც აღინიშნება. კვერცხის შეღებვასთან ერთად, აღდგომის დღესასწაულზე აცხობენ პასქას, რომელიც სიმბოლურად გოლგოთას აღნიშნავს.
პასქა ქიშმიშით, სხვადასხვა ხილის ჩირით, სანელებლებით, კარაქით, რძითა თუ არაჟნით მზადდება და ხანგრძლივი, შრომატევადი პროცესია. კარგი პასქა მძიმე და ცოტა ნოტიო უნდა იყოს, თუმცა მას „დამწიფებაც“ ესაჭიროება. ამიტომ აცხობენ პასქას დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე და სააღდგომო სუფრაზე უკვე საუკეთესო მდგომარეობაში დააბრძანებენ.
გარდა იმისა, რომ ის ძალიან გემრიელია, პასქა გოლგოთის მთის სიმბოლოა და აღდგომა მის გარეშე საქართველოში წარმოუდგენელია.
აღდგომის მთავარი სიმბოლო წითელი კვერცხია. მას იესოს ჯვარცმის დღეს - წითელ პარასკევს ღებავენ, ტრადიციულად, ენდროს ფესვებისა და ხახვის ფურცლის ნახარშში. წითელი კვერცხი სიცოცხლის დაბადების სიმბოლოა და აღდგომის სუფრაზე მას დიდი რაოდენობით ნახავ.
ამ დღისთვის ყველა ტიპის ხორცეულის კერძს ამზადებენ - შემწვარს, მოხარშულსა და წვნიანს. აღმოსავლეთ საქართველოში სააღდგომოდ აუცილებლად მიირთმევენ ბატკანს.
თბილისსა და დასავლეთ საქართველოში სააღდგომო სუფრაზე მეტწილად გოჭს ანიჭებენ უპირატესობას. ხაჭაპური ყველა სააღდგომო სუფრის ნაწილია, მთაში გულიან ქადებს აცხობენ, ქართლში კი - დამტკბარ ნაზუქებს.
სააღდგომო სუფრაზე თევზეულს, ფხალეულს, ათასნაირ საწებელს, სალათებს, ცოცხალ ბოსტნეულს, მწვანილს, პურს და, რა თქმა უნდა, ქართული ღვინოს შეხვდები.
გაზაფხული საქართველოში ერთ-ერთი უგემრიელესი კერძის - ჩაქაფულის მომზადების დროა. ჩაქაფული ცნობილია როგორც სააღდგომო კერძი, შესაბამისად, სააღდგომო სუფრაზე მასაც აუცილებლად ნახავ. ის ბატკნის ხორცით, ქართული მწვანილების ნაირსახეობით - ტარხუნით, ქინძით, მწვანე ხახვით, პრასით, ტყემლითა და თეთრი ღვინით კეთდება.
მორწმუნეების დიდი ნაწილი აღდგომის ღამეს ეკლესიაში ატარებს და შინ დილით ბრუნდება. ამიტომ სააღდგომო სუფრა სადილისთვის იშლება.
ყველაფერი მთავარი ფრაზით იწყება - „ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!“ ამას მოჰყვება კვერცხის მიჭახუნების რიტუალი და საზეიმო სუფრაც დალოცვითა და მილოცვით იწყება.