KA
Abashidze street

აბაშიძის ქუჩა

თბილისი მრავალფეროვანი ქუჩების ქალაქია, სადაც თითქმის ყველანაირი ტიპისა და ვიზუალის ადგილს შეხვდები. გამორჩეულია ვაკის რაიონი, სადაც მრგვალი ბაღიდან ვაკის პარკამდე ირაკლი აბაშიძის სახელობის ქუჩა მდებარეობს. ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილად მიიჩნევა და თავს უყრის მაღალი დონის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს, სილამაზის ცენტრებს, ევროპულ და ქართულ რესტორნებს, კაფეებსა და საკონდიტროებს.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე?

ირაკლი აბაშიძისა და მის მომიჯნავე ქუჩებზე ქართველი დიზაინერების კონცეპტუალურ მაღაზიებს ხშირად შეხვდები. ამ ტიპის ბუტიკების გარდა, აქ აქსესუარების, ხელნაკეთი ნივთების, ყვავილებისა და წიგნების მაღაზიებსაც იპოვი, აგრეთვე, გასტრონომებსა და სხვა ბევრ საინტერესო ადგილს გადააწყდები. 

დასვენებისა და გართობის მოყვარულებს აბაშიძის ქუჩაზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ საინტერესო გარემო აღმოაჩინონ. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადგილია ღვინის მაღაზია და ბარი, სადაც ქართულ მარნებში დაწურულ ათობით სახეობის ღვინოს დააგემოვნებ და ქართულ ტრადიციულ კერძებსაც გასინჯავ. თუ ტკბილეული გიყვარს, მაშინ აქაურ შოკოლატერიას უნდა ესტუმრო.

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფეებში ერთხელ მაინც უნდა შეიარო, რადგან აქ გემრიელი ყავის თანხლებით მყუდრო გარემოში შეხვედრების მოწყობაცაა შესაძლებელი. აქვე მდებარეობს საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს კომფორტულ სამუშაო გარემოს სთავაზობს.

ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გამორჩეული ობიექტებისა, რომელთა მონახულებაც ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე შეგიძლია. 

როგორ მივიდეთ ირაკლი აბაშიძის ქუჩამდე?

აქ მოხვედრა ილია ჭავჭავაძის გამზირზე მომავალი ნებისმიერი საქალაქო ტრანსპორტით შეგიძლია, გამზირიდან სულ რამდენიმე მეტრს კი ფეხით გაივლი. 

ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან რამდენიმე წუთის სავალზეა ვაკის პარკი და ბავშვთა ქალაქი „მზიური“.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა