XVIII საუკუნის 70-იან წლებში აქ, ვაჟა-ფშაველას ქუჩის #1-ში მდებარე პარკის მიდამოებში, ქართველი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე ბესარიონ გაბაშვილი - ბესიკი ცხოვრობდა. ადგილს, სადაც განათლებითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულმა ამ ადამიანმა წლები გაატარა, დღესაც „გაბაშვილის გორას“ უწოდებენ.
XX საუკუნის 50-იან წლებში გაბაშვილის გორაზე დაარსდა კულტურისა და დასვენების პარკი, რომელსაც პოეტის სახელი უწოდეს. 1961 წელს პარკი გააახლეს და იშვიათი მცენარეებითა და საბავშვო ატრაქციონებით დაამშვენეს. 1961 წელს ქუთაისში საბაგირო გზა აიგო, რომელიც „სამეფო უბანსა“ და „გაბაშვილის გორას“ ერთმანეთთან აკავშირებდა. საბაგირო დღესაც მოქმედია.
2000 წელს ბესარიონ გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკს კერძო ინვესტორმა ნაწილობრივი რესტავრაცია ჩაუტარა. განახლდა არსებული და დაიდგა თანამედროვე ატრაქციონები. 2007 წელს პარკის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. დღეს ის ქუთაისელებისა და ქალაქის სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.