ადრეული ბაღის ტერიტორიაზე სავაჭრო პავილიონები იყო განთავსებული. აქ მიტროფანე ლაღიძის გამაგრილებელი სასმელების ჯიხურსაც შეხვდებოდი. ბაღის ზემო ტერასაზე იდგა ქვემეხი, რომელიც ყოველდღე, ზუსტად 12 საათზე ისროდა. 1885-1888 წლებში არქიტექტორმა ალბერტ სოლტსმანმა ბაღის ტერიტორიაზე ააგო შენობა სამხედრო-ისტორიული გალერეისთვის. ამჟამად აქ ეროვნული გალერეაა განთავსებული.
გასულ საუკუნეში, ტრამვაის ხაზის გაყვანის გამო, „ალექსანდრეს ბაღი“ ორ ნაწილად გაიყო. ქვედა ნაწილში ახლა „გიორგი ლეონიძის ბაღია“ განთავსებული, ზედა ნაწილში კი - „9 აპრილის ბაღი“, რომელსაც ეს სახელი 1989 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ ეწოდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოშიმშილე ახალგაზრდები დაარბია. დაშავდა 427 და დაიღუპა 21 ადამიანი. დარბევისას ბევრმა ქაშვეთის ეკლესიასა და ამ ბაღს შეაფარა თავი.
დღეს „9 აპრილის ბაღი“ ქალაქის ცენტრალურ უბანში დასვენებისთვის ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია.