KA
საფერავი

საფერავი

„ღვინის ბებიად“ აღიარებული საფერავი კახეთის ნამდვილი სიამაყეა. ის გამორჩეულია დღემდე შემორჩენილი 525 უნიკალური ქართული ვაზის ჯიშს შორის. მუქი ლალისფერი ღვინო თავის სახელწოდებას ამართლებს – ყველაფერი მოშავო-მოლურჯოდ ფერადდება, რაზედაც დაეწვეთება, იქნება ეს მაგიდა, სუფრა თუ ტანსაცმელი – ტუჩებსაც გვარიანად აწითლებს. საფერავს ახასიათებს მაყვლისა, კენკრის, შავი ქლიავის ჩირისა და მწიფე შავი ბლის არომატები. მას აქვს ხანგრძლივი დაბოლოება.

ვაზი საფერავი – ხასიათი და ისტორია

ქართული წითელყურძნიანი საღვინე ჯიშის ვაზი საფერავი ზოგად ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის, მაგრამ წარმომავლობით კახური უნდა იყოს. თუმცა ამის დოკუმენტურად დამადასტურებელი ცნობები არ არსებობს, არავინ იცის, როდის შეიქმნა ეს ჯიში და რომელ მხარეში დაიწყო მისი მოშენება. მიუხედავად ამისა, მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ, მისი სიმდიდრე ვარიაციებით იძლევა დასკვნის არგუმენტს, რომ საფერავის ჯიში რამდენიმე ათასი წლისაა და თითქმის მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. 

არსებობს მოსაზრებაც, რომ საფერავი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან – ძველი კოლხეთიდან უნდა მოდიოდეს და შემდეგ, ქართლზე გავლით, XVII საუკუნის ბოლოს დამკვიდრებულა კახეთში. ამ მოსაზრებას მეცნიერები ჯიშის ბოტანიკური ნიშნებით ამყარებენ (ფოთლის ქვედა მხარის სქელი ქეჩისებრი შებუსვა და სხვა ნიშნები).

საფერავი ორი სახეობისაა - დიდი და პატარა საფერავი. მევენახე მეცნიერები „მამალ“ და „დედალ საფერავსაც“ გამოარჩევენ . ასეთი გრადაცია რიგით მოკვდავებს ბევრს არაფერს გვეუბნება და ამიტომაც სამეცნიერო სიღრმეებში აღარ შევალთ.

კახეთში „განჯური საფერავიც“ ყოფილა გავრცელებული. მაღალი მოსავლიანობის, შაქრის დიდი შემცველობისა და ფერის ინტენსივობით ვაზის ძვირფას ჯიშად მიიჩნევა და ეს არ არის სუფრის ყურძენი. საფერავისგან დაყენებული წითელი ღვინო სურნელით, ფერითა და სიმაგრით გამოირჩევა. იყენებენ სხვა ღვინოების გაუმჯობესებისა და შეფერადებისთვისაც. 

საფერავის ვაზი დაავადებებისა და ყინვის მიმართ გამძლეობით გამოირჩევა. მეცნიერების დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ -27C ტემპერატურაზეც კი კვირტების მხოლოდ 26% დაზიანდა.

საფერავი და საკვები

საფერავის ჯიშის ყურძნის ღვინო თავისი ინტენსიური გემოვნური თვისებებითა და არომატებით ბევრ კერძთან მეგობრობს. ასეთ ღვინოს განსაკუთრებით უხდება დაძველებული ყველი, შამფურზე შემწვარი მწვადი, სტეიკი და სხვა ხორცეული პროდუქტები. ძალიან სასიამოვნოდ ეხამება დესერტებსა და ხილს.

საფერავი ხალხურ მედიცინაში

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, საქართველოში ერთ-ერთ უძველეს, ნატურალურ სამკურნალო საშუალებად ყურძნის ღვინოს იყენებდნენ. ამას  ადასტურებს როგორც ეთნოგრაფიული მასალა, ისე წერილობითი წყაროები და ძველი ქართული სამედიცინო ხელნაწერები. ქართულ ხალხურ მედიცინაში ღვინო, როგორც ცალკე, ისე სხვა ინგრედიენტებთან ერთად, გამოიყენებოდა პროფილაქტიკურ, მასტიმულირებელ და მრავალი სხვადასხვა სახის დაავადების სამკურნალოდ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა