KA

საკომუნიკაციო ენა საქართველოში

მოგზაურობისთვის საქართველოს აირჩევ თუ არა, აღმოაჩენ, რომ ამ ქვეყანაში ქართულად საუბრობენ. ტყუილად არ დაკარგო დრო იმის გასარკვევად, რომელ ენას ჰგავს ქართული - მისი ანალოგი მსოფლიოში, უბრალოდ, არ არსებობს, ისევე, როგორც ქართული დამწერლობის, რომელიც მსოფლიოს 14 უნიკალური დამწერლობიდან ერთ-ერთია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კომუნიკაციის პრობლემა შეგექმნება.

საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კი - ქართულთან ერთად, აფხაზურიც. საბჭოთა წარსულის გათვალისწინებით, როცა ერებს შორის საკომუნიკაციო ენა რუსული იყო, უფროსი თაობის თითქმის ყველა წარმომადგენელი საუბრობს რუსულად. ინგლისურ და სხვა ევროპულ ენებზე საუბრობენ საშუალო ასაკის ადამიანები და განსაკუთრებით - ახალგაზრდები. 

საქართველოში უცხოელ სტუმრებს ძირითადად ინგლისურ ენაზე ეკონტაქტებიან. ინგლისურს, როგორც საერთაშორისო ენას, ფლობენ: გიდები, ბანკების, მაღაზიების, რესტორნების, სავაჭრო თუ გასართობი ობიექტების წარმომადგენლები და ა.შ. ნებისმიერ საინფორმაციო ცხელ ხაზზე დარეკვისას აუცილებლად შემოგთავაზებენ ინგლისურ ენას მომსახურებისთვის. ეს ენა გამოიყენება ბიზნესთან თუ სხვა საქმიან ურთიერთობაშიც. 

საქართველოში, მეტწილად თბილისში, ბევრ სხვა ენაზე მოსაუბრესაც შეხვდები. ჩვენს ქვეყანაში საუკუნეებია, მეგობრულად ცხოვრობენ: ქართველები, აფხაზები, ოსები, ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, ქურთები, ხუნძები, გერმანელები, ასურელები, ბოშები და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში თითქმის ყველა ენაზე საუბრობენ. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა