KA
2024-12-26T10:08:25.000000Z
საქართველო აბრეშუმის დიდ გზაზე

საქართველო აბრეშუმის დიდ გზაზე

საქართველოს გლობუსზე თუ დახედავ, პირველი, რაც შენს ყურადღებას მიიპყრობს, ამ პატარა ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობაა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე და, ბუნებრივია, ოდითგანვე სწორედ ამ ქვეყანაზე გადიოდა აბრეშუმის დიდი გზა.
სარჩევი

აბრეშუმის გზას ასეთი სახელი აღმოსავლეთიდან დასავლეთით მხოლოდ აბრეშუმის გადაზიდვის გამო არ დარქმევია – ეს მარშრუტი მრავალფუნქციური იყო და აქ გადიოდა როგორც აბრეშუმი, ისე ნებისმიერი სხვა ძვირფასი, ძალიან საჭირო და ვაჭრობისთვის სარფიანი ტვირთი. ქარავნებს, ტვირთებთან ერთად, მოჰყვებოდა ინფორმაცია და კულტურა, ხელოვნების ნიმუშები, უამრავი ცოდნა – დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, დამთავრებული მშენებლობით. სწორედ აბრეშუმის გზით შემოსული სხვადასხვა კულტურებისა და ტექნოლოგიების გავლენითაა შექმნილი თბილისში არაერთი არქიტექტურული ძეგლი.

აბრეშუმის დიდი გზა – კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მდინარე

12 000 კილომეტრზე გადაჭიმული აბრეშუმის გზით დაიწყო მოძრაობა ამბებმა მანამდე ყველასთვის უცნობი რელიგიური თუ ფილოსოფიური მიმდინარეობების შესახებ. 

ამ გზამ ჩაიტანა ევროპაში ინფორმაცია ბუდიზმის, კონფუციანელების, ზოროასტრიზმის შესახებ. აღმოსავლეთმა კი ქრისტიანული მოძღვრების შესახებ შეიტყო. ამის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები მისიონერებსაც აგზავნიან აზიაში ქრისტიანობის გავრცელების მიზნით.

აბრეშუმის გზის გავლით ასეთი მნიშვნელოვანი ცნობების გავრცელებამ, სხვადასხვა კულტურების შერწყმამ სრულიად ახალი მიმდინარეობების გაჩენა განაპირობა ფილოსოფიაში, ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ლიტერატურაში.

საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომელიც ისტორიულად აბრეშუმის გზის ერთ-ერთი ლოგისტიკური პუნქტი იყო, საუკუნეების განმავლობაში შემოდიოდა როგორც აღმოსავლეთის ქვეყნების ღრმა ისტორიის მქონე კულტურის ელემენტები, ისე დასავლეთის ცივილიზაციიდან წამოსული ინოვაციები. ეს ყველაფერი ნარიყალაზე იყრიდა თავს და შემდეგ ყველა მიმართულებით ვრცელდებოდა. ეს ადგილი თბილისის ცენტრია, მტკვრის ნაპირზე. აქ დღეს ევროპის პარკი მდებარეობს, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ტურისტს იზიდავს კეთილმოწყობის, ატრაქციებისა და ხელსაყრელი ადგილმდებარეობის წყალობით.

თავდაპირველად, ჩვ.წ. II საუკუნიდან, როდესაც რომის იმპერიამ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები დაამყარა, აბრეშუმის გზა ირანის საქარავნო მაგისტრალზე გადიოდა. შემდეგ, როდესაც რომსა და ირანს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა, საქარავნო მაგისტრალი უსაფრთხო და საიმედო აღარ იყო. შესაბამისად, ვაჭრებმა შედარებით რთული რელიეფის საქართველოზე გადმოინაცვლეს

სამეცნიერო წყაროებში გვხვდება ბერძენი ისტორიკოსების მიერ დოკუმენტირებული ცნობები, რომელთა თანახმადაც, ჩვ.წ. IV-I საუკუნეებში საქართველო იყო არა მხოლოდ აბრეშუმის გზის ნაწილი, არამედ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გადიოდა ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო გზაც. ასე რომ, საქართველო გლობალური სავაჭრო ხაზების გზაჯვარედინი იყო. 

აბრეშუმის გზის საქართველოს მონაკვეთი დღესაც, XXI საუკუნეშიც, აქტუალურია და სულ უფრო იკრებს ძალებს მსოფლიოში განვითარებული გეოპოლიტიკური რყევების ფონზე. 

ვინც ფლობდა თბილისს, ის ფლობდა კავკასიის კარიბჭეს

საქართველო ისტორიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო აბრეშუმის დიდ გზაზე. ვინც ფლობდა თბილისს, ის აკონტროლებდა მთელ კავკასიას და, შესაბამისად, აბრეშუმის დიდი გზის ამ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს. ამიტომ საქართველო საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა იმპერიის სამიზნე ხდებოდა. 

აბრეშუმის გზა – ამბიციური სამხედრო კამპანიების მაგისტრალი

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და კულტურებს შორის დიალოგის გარდა, აბრეშუმის გზას სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულებაც ჰქონდა. გამონაკლისი არც ამ შემთხვევაში იყო ამ გზის საქართველოს მონაკვეთი, სადაც თვით ალექსანდრე მაკედონელის ძლევამოსილ არმიასაც გაუვლია აზიური ლაშქრობის დროს. 

საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში კი, სადაც იესო ქრისტეს კვართი ინახება, რომაელების მიერ მდინარე მტკვარზე აგებული პომპეუსის ხიდი დღემდე შენარჩუნებულია. მას მოგვთა ხიდსაც უწოდებენ. უბრალოდ, მისი ხილვა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ამ ხიდს, რომელიც მცხეთის შესასვლელში არსებული თანამედროვე ხიდიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს და რომლის ისტორიაც 2 300 წლის წინათ იწყება, XX საუკუნის დასაწყისში აშენებულ კაშხალში დაგუბებული წყალი ფარავს. იშვიათად, როდესაც წყლის დონე საცავში კრიტიკულად მცირდება, ხიდი ზედაპირზე ამოდის და მისი დანახვა შესაძლებელია. პომპეუსის ხიდს მოგვთა ხიდი მას შემდეგ ეწოდა, რაც ძვ.წ. III საუკუნეში ქართლის მეფე ფარნაჯომმა აქ სპარსეთიდან გადმოსახლებული მოგვები დაასახლა და ამ ადგილს მოგვთაკარი უწოდა. 

მცხეთა უხსოვარი დროიდან სტრატეგიული ცენტრი იყო და აქ გადიოდა კავკასიის მთავარი გზები. მათ შორის, დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე და შავი ზღვიდან კასპიის ზღვის მიმართულებით. 

აბრეშუმის დიდი გზის საქართველოს მონაკვეთი დღეს

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და საქართველო დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს დგამდა, საჭირო გახდა ახალი ქვეყნის მნიშვნელობისა და ფუნქციის დამკვიდრება რეგიონში. 

სწორედ ამ პერიოდში ქმნის ევროკავშირი პროექტს: სატრანსპორტო დერეფანი – ევროპა, სამხრეთი კავკასია, ცენტრალური აზია. ეს პროექტი, რომელსაც დღეს ვიცნობთ სახელწოდებით: TRACECA (Transport Corridor Europe-Caucasus-Asia), აქტიურად მუშაობს ამ უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფნის ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ განვითარებაზე, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და აზიის ქვეყნებთან კანონმდებლობებისა და რეგულაციების სინქრონიზაციის მიზნით, რათა კიდევ უფრო ხელსაყრელი და მოგებიანი გახდეს ეს მარშრუტი საერთაშორისო გადამზიდავებისთვის. 

აბრეშუმის გზაზე მდებარეობამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციით დატვირთა საქართველო. წლების განმავლობაში რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული ევროპა ალტერნატიულ მიმწოდებლებს ეძებდა და სწორედ საქართველოზე გატარდა დღეს უმნიშვნელოვანესი მილსადენები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც მსოფლიო ბაზრებს კასპიის ნავთობს აწვდის, და გაზის სამხრეთის დერეფანი, რომელსაც  ევროპის ქვეყნებისთვის ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელების პერსპექტივით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის აშენების შემდეგ ეს იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი 10 000-კონტეინერიანი ტანკერების მისაღებად. 

აბრეშუმის დიდი გზის საქართველოს მონაკვეთზე ბოლო წლებში ასევე მნიშვნელოვანი სარკინიგზო პროექტი განხორციელდა - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ამ მაგისტრალით, გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო თბილისსა და შემდეგ თურქეთის ქალაქ ყარსს უკავშირდება, უნიკალური მარშრუტი შეიქმნა. დღეს უკვე შესაძლებელია, უმოკლეს დროში ჩავიდეს საკონტეინერო მატარებელი ჩინეთიდან ევროპის უკიდურეს დასავლეთში – ლონდონში. ამ რკინიგზას „აბრეშუმის რკინიგზასაც“ უწოდებენ, რომელზედაც ელექტროტექნიკით დატვირთული პირველი ჩინური საკონტეინერო მატარებელი 2015 წლის 13 დეკემბერს შედგა და სატესტო მარშრუტი დანიშნულების ადგილამდე წარმატებით გაიარა. საერთაშორისო დანიშნულების ეს სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2017 წლის 30 ოქტომბერს გახსნეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა. 

შესაბამისად, როგორც ეს იყო ისტორიულად, საქართველო დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური სატრანზიტო მაგისტრალების რეალიზება-განვითარებაში, მონაწილეობს ეკონომიკურ პროცესებში და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა