KA
სვანური ხაჭაპური - ფეტვრაალი

სვანური ხაჭაპური - ფეტვრაალი

სვანეთი ის რეგიონია, სადაც, რაჭის შემდეგ, ყველაზე მეტი სახეობის ხაჭაპური ცხვებოდა. აქედან უმრავლესობა დღემდე შემორჩენილია და ბევრ ოჯახში მზადდება. ფეტვის ქერისა და ყველის კომბინაციით საკვების შექმნა უხსოვარი დროიდან დაუწყიათ ამ მხარეში. ძირითადად იმ პროდუქტს იყენებდნენ, რაც აქ კარგად ხარობდა. ასე შეიქმნა მწვანე ხახვით (ჭლაკვით), კანაფითა და კარტოფილით შეზავებული ხაჭაპურები (სვანეთში „ქართოფლარს“ ეძახიან) - ლუკვნე და ლცერვალი. სრულიად გამორჩეული გემოს სვანური გულსართიანია ფეტვრაალი, რომელიც ფეტვის დამატებით მზადდება და ყველა ხაჭაპურისგან მუქი ფერით გამოირჩევა, რის გამოც აქაურები „ჭუჭყიან ხაჭაპურსაც“ ეძახიან. მას საქართველოში არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ცოტა რამ ფეტვრაალის ინგრედიენტებზე    

სვანეთის მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში გამოიბრძმედა, მოერგო მკაცრ ბუნებრივ პირობებს და შექმნა ისეთი საკვები, რომელიც გრძელი და მკაცრი ზამთრის პირობებშიც გამოსადეგი იქნებოდა. აქ მესაქონლეობა კარგად იყო განვითარებული და რძის პროდუქტების მოვლისა და დაბინავების კულტურაც ჩამოუყალიბდათ. მთელი წლის სამყოფ ყველს იმარაგებდნენ და ეს რამდენიმე სახეობის ყველი იყო.

ასევე იყო პური. აქ ხორბლის რამდენიმე ჯიში მოჰყავდათ. საშემოდგომოს „კვეცენს“ უწოდებდნენ, საგაზაფხულოს კი - „კულსს“. საშემოდგომო ხორბლიდან პირველი მოსავლის ფქვილს „წმინდა“ ერქვა და მას მხოლოდ დღესასწაულებზე იყენებდნენ. დღესასწაულები კი წარმოუდგენელი იყო შესაწირისა და სარიტუალო პურის გარეშე.  ამდენად, ყველისა და პურის ფქვილის გამოყენების კულტურა სვანეთში ოდითგან იყო დამკვიდრებული. 

ფეტვრაალის მესამე და მთავარი ინგრედიენტია ფეტვი, რის გამოც სვანური ხაჭაპურის ამ სახეობას სახელი შეურჩიეს - ფეტვის პური, ფეტვრაალი. ფეტვი, ანუ კავკასიური პროსო, არის მარცვლეული კულტურა, რომელიც ოდითგან მოჰყავდათ სვანეთში, ამუშავებდნენ, მკვრივ გარეკანს აცლიდნენ და დღემდე ფეტვის სახელით იცნობენ. 

ფეტვი არაჩვეულებრივი, ჯანმრთელობისთვის საჭირო და სასარგებლო პროდუქტია,  საქართველოში მისი მასიურად წარმოება და გამოყენება ამერიკიდან სიმინდის შემოტანამ ჩაანაცვლა, ის მხოლოდ სამეგრელოს ზოგიერთ ნაწილში და სვანეთში ფეტვრაალმა შემოინახა. დამუშავებულ, განიავებულ, კარგად მოხარშულ ფეტვს სხვადასხვაგვარად ამზადებდნენ, მაგრამ ხაჭაპურში მისმა გამოყენებამ შექმნა სვანეთის სამზარეულოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი - ფეტვრაალი. ფეტვი ნაყოფიერების სიმბოლოცაა და სხვადასხვა წარმართულ რიტუალებშიც იყენებდნენ.  

როგორ მოვამზადოთ ფეტვრაალი

ფეტვრაალის ცომისთვის საჭიროა:

პურის ფქვილი – 1 კგ

წყალი – 0,5 ლ

საფუარი – 20 გრ

მარილი – 20 გრ

შაქარი - 20 გრ

გულსართისთვის საჭიროა:

იმერული ყველი (მშრალი) – 1,5 კგ

ფეტვი – 300 გრ 

მარილი - გემოვნებით

ფეტვრაალის მოსამზადებლად საფუარი 30 მლ წყალში უნდა გახსნა და 10 წუთი გააჩერო. შემდეგ ფქვილში მარილი ჩაყარე და ნელ-ნელა დაასხი წყალში გახსნილი საფუარი, თან ზილე. თანდათან დაამატე თბილი წყალი და განაგრძე ზელა. ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი და ფაფუკი. მოზელილი ცომი თბილ ადგილას შეინახე, დადე იქ, სადაც ჰაერი ნაკლებად შეაღწევს, რათა ცომს თავი არ გამოუშრეს. როგორც სვანი დიასახლისები ამბობენ, ცომი რამდენჯერმე უნდა გადატრიალდეს, ანუ ჩაიზილოს.

მშრალი იმერული ყველი, ფეტვი და მარილი ერთმანეთს შეურიე. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია უცხო სუნელიც დაამატო.

აფუებული ცომი მრგვალ ფირფიტად გააბრტყელე, შუაგულში ყველისა და ფეტვის მასა ჩადე და ისე შეკარი, რომ შიგთავსი ბოლომდე დაიფაროს. შუაში ნახვრეტი გაუკეთე.

ფეტვის ხაჭაპური ღუმელში შედგი და 220 გრადუსზე გამოაცხვე, მანამ, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.  

სვანეთში ფეტვრაალით გამასპინძლება დღემდე სტუმრისადმი განსაკუთრებული პატივისცემისა და ყურადღების გამოხატულებაა. ბევრი დიასახლისი ფეტვრაალის ცომს დაფქული ფეტვის ფქვილსაც უმატებს და გულსართს უცხო სუნელით აზავებს, როგორც მისი წინაპრები. ფეტვრაალი საუკეთესო ხელსამშვენისია სოფლის დღესასწაულებზე და სტუმრობისას.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა