KA

სკიტური: გერგეტი-ალტიჰატი-მეტეო

საწყისი წერტილი - 2176 მეტრი უმაღლესი წერტილი - 3286 მეტრი ვერტიკალი - + - 1110 მეტრი გერგეტი-ალტიჰატი-მეტეოს მარშრუტზე წასვლა, ისევე, როგორც სკიტურის სხვა მარშრუტებზე, მხოლოდ გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეებისთვისაა რეკომენდებული. აუცილებელი რეკომენდაციაა მარშრუტზე სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად გასვლა.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

ადგილმდებარეობა

გერგეტის სამება, საიდანაც ეს მარშრუტი იწყება, ულამაზესი ეკლესიაა, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გერგეტში, ზღვის დონიდან 2176 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტაძარი მე-14 საუკუნითაა დათარიღებული და ყაზბეგში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ადგილია. აქედან გადის გზა მყინვარწვერისა და ორწვერის მარშრუტებზე. გერგეტიდან საუკეთესოდ მოჩანს მყინვარწვერისა და სტეფანწმინდას ხედები.

მარშრუტი

სვლას იწყებ გერგეტის სამების სიახლოვეს მოწყობილი პარკინგიდან. გასავლელი ვერტიკალია 1110 მეტრი, უმაღლესი წერტილი -3286 მეტრი. მთლიანობაში მარშრუტი 7 კმ-ს შეადგენს.  

გზა კლასიკური მარშრუტით მიუყვება ქედს ალტიჰატამდე. ალტიჰატი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე, მყინვარწვერის პირველ სააკლიმატიზაციო ადგილთან მდებარეობს. აქ არის მოწყობილი განთავსების ადგილი და კაფე, სადაც ვიზიტორებს შესვენება, კვება და ღამის გათენება შეუძლიათ. ალტიჰატის შემდეგ მარშრუტი მყინვარამდე კიდევ 2 კმ გრძელდება, საიდანაც ხელისგულივით ჩანს მყინვარწვერი. 

დაშვებას ვიწყებთ მყინვარზე გადასვლის გარეშე, საწყისი წერტილის ტრაექტორიით და სრიალს ისევ გერგეტის სამებასთან ვასრულებთ, სადაც ტრანსპორტი გველოდება. 

რა უნდა გაითვალისწინო

ამ მარშრუტზე სრიალი დეკემბრიდან მაისის შუა რიცხვებამდეა შესაძლებელი. 

სასტარტო ადგილას მაღალი გამავლობის ავტომობილით მიხვალ. იმ შემთხვევაში, თუკი სტეფანწმინდა-გერგეტის სამანქანო გზა გაუწმენდელია, სკიტურის დაწყება სოფელ გერგეტში მოგვიწევს, ზღვის დონიდან 1900 მეტრ სიმაღლეზე.

აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი და სხვა საჭირო ნივთები.

დაბინავებას შეძლებ სტეფანწმინდაში არსებულ სასტუმროებსა და საოჯახო სასტუმროებში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა