KA

სკიტური ლომისის მთაზე

საწყისი წერტილი - 1460 უმაღლესი წერტილი - 2210 ვერტიკალი - + - 750 ლომისის მთის სკიტურზე წასვლა, ისევე, როგორც სკიტურის სხვა მარშრუტებზე, მხოლოდ გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეებისთვისაა რეკომენდებული. აუცილებელი რეკომენდაციაა მარშრუტზე სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად გასვლა.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

ადგილმდებარეობა

სოფელი ქვემო მლეთა, საიდანაც ეს მარშრუტი იწყება, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ის კურორტ გუდაურიდან - 12, ქალაქ დუშეთიდან - 70, თბილისიდან კი 110 კილომეტრშია. 

მლეთა ცნობილია წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსით, რომელიც ლომისის მთაზე, ზღვის დონიდან 2210 მეტრ სიმაღლეზე დგას. IX-X საუკუნეების ბაზილიკასთან პატარა მონასტერია, სადაც მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობენ ბერები. 

ვიზიტორებს შეუძლიათ, წლის ნებისმიერ დროს ესტუმრონ კომპლექსს და მონაწილეობა მიიღონ უძველეს ტრადიციაში. კერძოდ, ჩაიფიქრონ სანუკვარი სურვილი, კისერზე ჩამოიკიდონ ლომისის ჯაჭვი, რომელიც საუკუნეებია, სალოცავში ინახება, და სამჯერ შემოუარონ ტაძრის დედაბოძს. ამბობენ, რომ ასეთ შეთხოვნას განსაკუთრებული ძალა აქვს. 

მარშრუტი

მარშრუტი იწყება ზღვის დონიდან 1460 მეტრ სიმაღლეზე, სოფელ მლეთის შუაგულში და ტყეს ლომისის მთისკენ მიუყვება. ლომისის მთა ალევის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ტყის მასივის გავლის შემდეგ ქედზე გადავდივართ, საიდანაც მონასტრამდე მივალთ. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მონასტრიდან კიდევ 50 მეტრის გავლა. 

მთლიანობაში, ასავლელი ვერტიკალი 750 მეტრია, მარშრუტის უმაღლესი წერტილი 2210 მეტრი. უკან ვეშვებით იმავე ტრაექტორიით, როგორითაც ზევით ავედით. სრიალს ვასრულებთ სოფელ მლეთაში. 

მარშრუტის დაგეგმვა შესაძლებელია როგორც მლეთიდან და გუდაურიდან, ისე თბილისიდან. 

რა უნდა გაითვალისწინო

როცა გზები თოვლისგან გაწმენდილია, მარშრუტამდე დაბალი გამავლობის ავტომობილით მიხვალ. სხვა შემთხვევაში მაღალი გამავლობის ავტომობილი იქნება საჭირო. 

აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი, სხვა საჭირო ნივთები.

აღნიშნული მარშრუტისთვის შეგიძლია მლეთის ან გუდაურის სასტუმროები დაჯავშნო. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა