ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მიწურულიდან უფლისციხე მსხვილ საქალაქო ცენტრად გვევლინება. კლდეში ნაკვეთი დასახლება კი შიდა ქალაქად ჩამოყალიბდა. IX-X საუკუნეებში უფლისციხემ უკვე მნიშვნელოვანი სამხედრო სტრატეგიული დანიშნულება შეიძინა. 2006 წელს უფლისციხეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ლეგენდის მიხედვით, უფლისციხე კლდეში მონებმა გამოკვეთეს. მათ სამუშაო იარაღს ორი დაბოლოება ჰქონია - რკინისა და ოქროსი. ვინც წერაქვს მუშაობაში გაცვეთდა და ხელში ოქრო შერჩებოდა, ამ საჩუქართან ერთად, თავისუფლებასაც მიიღებდა.
ისტორიულ წყაროებში უფლისციხე VII საუკუნიდან მოიხსენიება. ის ჯერ ჰეგემონი თემის საცხოვრისი ყოფილა, შემდეგ შიდა ქართლის ტომთა გაერთიანების ცენტრი გამხდარა. გაერთიანების მეთაური, რომელსაც „უფალს“ ეძახდნენ, აქ ცხოვრობდა. სახელწოდება „უფლისციხეც“ აქედანაა.
ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს გალავანი და ოთხი კარიბჭე აქვს - შეგიძლია ისეირნო ქუჩებში, სკვერებში, ათვალიერო შუა საუკუნეების ნასოფლარები, კლდეში ნაკვეთი საწნახლები, მარნები... საიდუმლო გვირაბსაც ნახავ, რომელიც მდინარე მტკვართან მიდის.