შემოდგომისა და მეტადრე გაზაფხულის მიგრაცია ქალაქის პარკებსაც ეტყობა. შუაგულ თბილისში ჩნდებიან ნახევრად თეთრყელა მემატლია და წითელყელა ბუზიჭერია, აგრეთვე, სხვადასხვა სახეობის ღაჟო; ხელოვნური ან ბუნებრივი პატარა ტბების ნაპირებზე კი - ლამაზი ცისფერგულა, სხვადასხვა სახეობის ყანჩა და ქათამურა.
თბილისის წყალსატევებიდან განსაკუთრებით საინტერესოა ლისის ტბა, რადგან მისი ნაპირების დიდი ნაწილი ლელიანითაა დაფარული. ლელიანის გრატა, ჭახჭახა მეჩალია, მელოტა, ლიანა, მცირე მურტალა, მცირე წყლის ბუღა აქაური მობუდარი ფრინველები არიან. ლისის ტბაზე დაფიქსირებულია გრძელკუდა მეჩალიაც, ფრინველი, რომელიც საქართველოში სულ რამდენჯერმე ნახეს.
თბილისის ცენტრიდან კრწანისის ეროვნულ ტყე-პარკში საჯარო ტრანსპორტითაც შეიძლება მისვლა. ეს პატარა დაცული ტერიტორია ქალაქის გასასვლელში, რუსთავის გზაზე მდებარეობს. კრწანისს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ნატურალისტმა იქ ერთი დღე საინტერესოდ გაატაროს.
ტყეში ორი სახეობის მემატლია და რამდენიმე სახეობის კოდალა ბუდობს, პატარა ტბებში ბევრია მელოტა, ქათამურა, ჩვეულებრივი იხვი, ჭახჭახა იხვინჯა... ლელიანის წვერებზე ულვაშა წივწივა დახტის, დაჭაობებულ ტერიტორიაზე კი ჩიბუხები ბუდობენ. პარკს გასასვლელი აქვს მდინარე მტკვართან, რომლის ნაპირებზეც მიგრაციის პერიოდში მრავალი გადამფრენი ფრინველი იყრის თავს. აქ ხშირად ნახავ ზღვის კაჭკაჭებსა და სხვადასხვა სახეობის ყანჩას.
თბილისსა და რუსთავს შორის მტკვრის ხეობაში არის ადგილები, სადაც ხეებზე, ჩვეულებრივი ჩვამებისა და ღამის ყანჩების გვერდით, მცირე ჩვამებიც ბუდობენ.
თბილისიდან სამხრეთით, 26 კილომეტრში მდებარეობს კუმისის ტბა, ხოლო 61 კილომეტრში, ზედ აზერბაიჯანის საზღვარზე - ჯანდარის ტბა. ორივე ტბა საკმაოდ დიდი და ფრინველებით მდიდარია. აპრილში ორივეს ნაპირებზე შეიძლება გადამფრენი წერო ტურფების ნახვა.