ამ ადგილას ქარვასლა 1650 წელს როსტომ მეფეს აუშენებია და თბილელი ეპისკოპოსისთვის უბოძებია. 1795 წელს ეს შენობაც და თბილისიც აღა-მაჰმად-ხანმა დაანგრია. 1820 წელს ძველ საძირკველზე ახალი ქარვასლა თბილისელმა ვაჭარმა გეურქ აღა-არწრუნმა ააშენა, ამიტომ დღეს შენობას ორი სახელი აქვს - თბილელის ქარვასლა და არწრუნის ქარვასლა.
ფასადზე გამოხატულია ჰერმესის კვერთხი - ფრთიანი ხელჯოხი, რომელსაც ორი გველი ეხვევა. ბერძნული მითოლოგიით, ჰერმესს ამ კვერთხით შეეძლო ყველა კამათი შეეწყვიტა და მტრები შეერიგებინა. სწორედ ამიტომ ჰერმესის კვერთხი ქარვასლაზე სიმბოლურია, რადგან ამ ადგილზე სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ხალხი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდა.
ამჟამად შენობაში თბილისის ისტორიის მუზეუმი, ღვინის მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა და მაღაზიებია განთავსებული.
საინტერესოა შენობის მიწისქვეშა არქიტექტურაც. აღმოჩნდა, რომ შენობის სარდაფი მეფე როსტომის დროინდელია და რამდენიმე უძველესი დარბაზი ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება. სწორედ აქ არის განთავსებული ღვინის მუზეუმი, სადაც საინტერესო ექსპონატებსაც ნახავ და ღვინის დეგუსტაციასაც შეძლებ.