KA
caravanserai, Tbilisi, Sioni st. 8

ქარვასლა, თბილისი, სიონის ქ. N8

თბილისი 1795 წელს თითქმის მთლიანად გაანადგურა აღა-მაჰმად-ხანის  (1742-1797) შემოსევამ. მას შემდეგ შენობათა უმეტესობა ძველ ნანგრევებზე დაშენდა. ამის, ე.წ. არქიტექტურული პალიმფსესტის, საუკეთესო მაგალითია ყოფილი ქარვასლა სიონის ქ. N8-ში. 
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

შენობის ისტორია

სიტყვა ქარვასლა სპარსული („ქარევან“ - ქარავანი) და თურქული  („სარაი“ სასახლე) სიტყვებით არის ნაწარმოები და მოგზაურ ვაჭართა დროებით სადგომს ნიშნავს. 

შენობის ისტორია მეფე როსტომისგან (1565-1658) იწყება, როცა მან ქარვასლა სიონის ეკლესიის სიახლოვეს ააშენა და ეკლესიასვე აჩუქა.  

XVIII საუკუნეში შენობა თბილისელმა მიტროპოლიტმა დომენტი III-მ განაახლა. განახლებული ქარვასლა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევას ემსხვერპლა.

ქარვასლის ნანგრევები 1821 წელს თბილისში თურქეთიდან გადმოსახლებულმა ვაჭარმა გევორქ არწრუნმა იყიდა და ქარვასლაც თავიდან ააშენა. 

1908 წელს შენობა ძმებმა აფრიკიანცებმა შეიძინეს და სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარეს. ამ პერიოდს ეკუთვნის სიონის ქუჩისკენ მიმართული მისი მოდერნის სტილის ფასადი, სადაც მშენებლობის თარიღად 1912 წელია მითითებული.  

შენობა დღეს

1984 წელს, ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის შემდეგ, შენობა იოსებ გრიშაშვილის თბილისის ისტორიულ მუზეუმს დაეთმო. 

მუზეუმის ექსპოზიცია პირველ სართულზეა განთავსებული, სადაც გამოფენილია ძველთბილისური სახლების მაკეტები, მუსიკალური საკრავები, თბილისში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსთა ტრადიციული სამოსი, ყოფითი ნივთები, ავეჯი და სხვა.  

მეორე სართულზე საგამოფენო სივრცეებია, როსტომ მეფის დროინდელ სარდაფში კი „ღვინის მუზეუმია“ განთავსებული, სადაც ქართული ღვინოების დაჭაშნიკებაც შეიძლება; აქვეა ქართული ხელნაკეთი სუვენირების, სამოსის, სამკაულებისა და ნახატების მაღაზიებიც.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა