KA
ქართლური შეჭამანდები

ქართლური შეჭამანდები

სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, „შეჭამადი“ სამარხვო საჭმელს ნიშნავს. საქართველოში ასეთი ტიპის კერძით ყველაზე მდიდარი და განთქმული შიდა ქართლის სამზარეულოა.

ვერსად ისეთ შინდის, დოსა და ღოლოს შეჭამანდს ვერ მიირთმევ, როგორსაც ამ მხარეში - გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის სოფლებში. ეს შეიძლება, იმითაა გამოწვეული, რომ აქ ოდითგან ნოყიერი მიწები იყო, ხილისა თუ ბოსტნეულის დიდი მოსავალი მოდიოდა და მისი რიგიანად მოხმარებისთვის ნედლი თუ გამშრალი ხილ-ბოსტნეულის კერძებში გამოყენება ისწავლეს და მრავალფეროვანი რეცეპტებიც შექმნეს.

ცივი შეჭამანდები მზადდება ისპანახით, ნედლი ჭინჭრით, ლობიოთი, ჭარხლის ფოთლებით, პომიდვრით, ქლიავით, კვრინჩხით. ზაფხულის ცივი კერძების მენიუს ეს ნიმუშები ვიტამინების საუკეთესო წყაროა და გურმანების დაინტერესებას იწვევს. ზამთრობით აქ უფრო ცხელ შეჭამანდებსაც აკეთებენ. 

ქართლურ შეჭამანდებში განსაკუთრებით შინდისა და ღოლოს შეჭამანდებია ცნობილი და პოპულარული, ამიტომ გვიან შემოდგომამდე ქართლის სოფლებში სახლის აივნები სავსეა მზეს მიფიცხებული, გასაშრობად გაფენილი ხილით, ბაღჩეულით, ბოსტნეულით, შინდის ნაყოფითა და ღოლოს ფოთლებით. გემრიელი და სასარგებლო წვნიანისთვის მთავარი ინგრედიენტები მთელი წლის სამყოფი რომ ჰქონდეთ, ასე აშრობენ და გრილ ადგილზე ინახავენ, თუმცა ნედლი პროდუქტით მომზადებული ბევრს უფრო მოსწონს. 

როგორ მოვამზადოთ შინდის შეჭამანდი?

შინდის შეჭამანდის მოსამზადებლად საჭიროა:

ნედლი შინდი (ან შინდის კერკი - გამომშრალი შინდი) –  0,5 კგ 

წყალი – 0,5 ლ

ხახვი – 1 საშუალო ზომის თავი

კარაქი – 500 გრ

ნიორი – 2-3 კბილი

პიტნა – რამდენიმე ფოთოლი

ქინძი - 1 პატარა კონა

პურის ფქვილი – 20 გრ

შაქარი – 5-10 გრ

მარილი - გემოვნებით

საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ნახევარი ლიტრა წყალი და აადუღეთ. ჩაყარეთ შინდი ან შინდის კერკი და ხარშეთ. 10 წუთის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, საწურზე გადაწურეთ და მოხარშული რბილობი გახეხეთ. გადაწურული ნახარში შეინახეთ.

წვრილად დაჭრილი ხახვი კარაქთან ერთად კარგად მოშუშეთ გაოქროსფერებამდე. დაამატეთ გახეხილი შინდის მასა და გაათხელეთ შინდის ნახარშით. სამი წუთით წამოადუღეთ.

წინასწარ უნდა მოამზადოთ სოუსი – პატარა თასში ჩაყარეთ 20 გრამი პურის ფქვილი, დაამატეთ ცოტაოდენი შინდის ცხელი ნახარში და კარგად ურიეთ ხის კოვზით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ (წვენი არ უნდა აიჭრას). შემდეგ ეს მასა ნელ-ნელა ჩაუშვით ადუღებულ შინდის შეჭამანდში, თან ისევ მუდმივად ურიეთ. შეჭამანდი ოდნავ უნდა შესქელდეს. ბოლოს დაამატეთ გახეხილი ნიორი, მარილი და შაქარი.

ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი პიტნა, ქინძი, დაახურეთ თავსახური და სუფრასთან მიტანამდე 5-10 წუთი გააჩერეთ.

როგორ მოვამზადოთ ღოლოს შეჭამანდი?

ღოლოს შეჭამანდის მოსამზადებლად საჭიროა: 

ხმელი ღოლო - 200 გრ  

გატარებული ნიგოზი - 200 გრ

წყალი - 2 ლ

ნიორი - 2-3 კბილი 

პურის ფქვილი - 2 ს/კ

მცენარეული ცხიმი

ტყემლის ტყლაპი

ქინძი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით

გამშრალი ღოლო გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივი წყლით და 1 საათით დავტოვოთ ცივ წყალში. მერე ჩავყაროთ ზომიერად მარილიან მდუღარე წყალში. კარგად რომ მოიხარშება,  გადმოვყაროთ თუშფალანგზე. გაცივებული ფოთოლი კარად გავწუროთ ხელით, დავკეპოთ ან დავჭრათ წვრილად, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 2 ლ წყალი და წამოვადუღოთ. მცენარეულ ცხიმს შევაზილოთ პურის  ფქვილი, ჩავუმატოთ ღოლოს კერძს და გამუდმებით ვურიოთ მანამ, სანამ არ შესქელდება.

კერძს ფქვილის სუნი რომ გაუქრება, ჩავამატოთ ერთ ჭიქა მდუღარე წყალში გახსნილი ნიგოზი, ნიორი და მარილი - გემოვნებით, დავუმატოთ დაჭრილი ტყლაპი. 10-15 წუთის დუღილის შემდეგ, ცეცხლიდან გადმოვდგათ და მათლაფებზე გადმოვიღოთ. სუფრაზე მიტანის წინ ლოღოს კერძს შეგვიძლია ნიგვზის ზეთი ან წყალში გახსნილი ნიგვზის სქელი მასა მოვასხათ. აგრეთვე, გავალამაზოთ წვრილად დაჭრილი ტყლაპის ფთილებითა და ქინძით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა