KA

ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი

ქართული ხალხური სიმღერა ჩვ.წ. VIII საუკუნიდან იღებს სათავეს, უძველესი ქართული საკრავი კი 3500 წლისაა - ეს არის 1930 წელს მცხეთაში აღმოჩენილი პატარა სალამური, საიდანაც 4 ბგერა ჟღერს. დღეს სალამური სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ინახება, თუმცა მისი ასლი და მასთან ერთად ბევრი უძველესი საკრავი ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში?

მუზეუმი ძველ თბილისში, ნარიყალას ციხის ასახვევთან, სამღებროს ქუჩაზე მდებარეობს. მუზეუმში სამი საექსპოზიციო სივრცეა. ერთ დარბაზში გამოფენილია ქართული ხალხური საკრავები - სალამური, გუდასტვირი, სოინარი, ფანდური, ჩონგური, ჩანგი, ჭუნირი, ჭიანური და სხვა.

მეორე დარბაზი აღმოსავლურ საკრავებს ეთმობა, რომლებიც მულტიკულტურულ თბილისში XVII-XVIII საუკუნეებიდან იყო გავრცელებული.

მესამე დარბაზში კი ევროპული საკრავებია - XVIII საუკუნის ინგლისური ფორტეპიანო, ფისჰარმონია, 200 წლის როიალი, კალიოპე - XVII საუკუნის ფრანგული მუსიკალური კარადა და სხვა. 

ძველი გრამოფონიდან საუკუნის წინ ჩაწერილ „წინწყაროსაც“ მოუსმენ - ეს გენიალური ქართული ხალხური სიმღერა შესაძლოა გეცნობა რეჟისორ ვერნერ ჰერცოგის ფილმიდან „Nosferatu the Vampyre“; ქართული „წინწყარო“ ჟღერს ბრიტანელი კეიტ ბუშის 1985 წლის სიმღერაშიც „Hello Earth“. 

რასაც აქ ნახავ და მოისმენ, შენს მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბებს და არასოდეს დაგავიწყდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა