KA
2025-02-04T22:43:26.000000Z
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში სიდიდითა და მნიშვნელობით რიგით მეორე საერთაშორისო მნიშვნელობის ლოგისტიკური ობიექტია.
სარჩევი

რეგიონში პირველი აეროპორტი, რომელმაც დაბალბიუჯეტიან ევროპულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობა დაიწყო, დასახლება კოპიტნარის ტერიტორიაზე, საკუთრივ ქუთაისიდან 14 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 

აღდგენა-განახლების სამუშაოების ჩატარების შემდეგ აეროპორტმა მალევე დაიმკვიდრა თავი რეგიონში ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო წერტილად თავისი ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამოისობით - კოპიტნარი 300 კილომეტრიან რადიუსში ერთმანეთთან აკავშირებს თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს, რაც ხელს უწყობს წლიდან წლამდე მისი დატვირთვის სტაბილურ ზრდას. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოკლე ისტორია

ზუსტად რომელ წელს დაიწყო პირველად ოპერირება კოპიტნარის ტერიტორიაზე უცნობია - საარქივო მასალა დეტალებში განსხვავდება. ცნობილია, რომ 80-იან წლებში ქუთაისის ტერიტორიაზე უკვე იყო აეროპორტი, თუმცა მხოლოდ ადგილობრივ ფრენებს იღებდა. 2010-2011 წლებისთვის აეროპორტი ჯერ კიდევ ფუნქციური იყო, თუმცა წელიწადში 10 000-ზე ნაკლებ ფრენას იღებდა და უმეტეს ნაწილს გადაზიდვების მომსახურება შეადგენდა.

2011 წლის ნოემბერში აეროპორტი მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის დაიხურა. საქართველოს მთავრობის ხედვით ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ჰაბი უნდა გამხდარიყო - ჯერ კიდევ 2009 წელს გაჟღერდა ქუთაისის “მეორე საპარლამენტო ქალაქად” გამოცხადების ინიციატივა, რომელსაც საქართველოში დეცენტრალიზაციის პოლიტიკისთვის უნდა შეეწყო ხელი. 2011 წელსვე გადაწყდა პარლამენტის საბოლოოდ ქუთაისში გადატანა. ადგილობრივი აეროპორტის განახლება და ქვეყანაში მთავარ სატრანსპორტო ჰაბად ქცევა ამ დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი იყო.  

განახლებული ტერმინალი 2012 წლის 27 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დაბალბიუჯეტური საავიაციო კომპანია WizzAir-ის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად. პირველი კომერციული რეისი სწორედ WizzAir-მა განახორციელა - კიევის მიმართულებით - რითაც საფუძველი ჩაუყარა აეროპორტის მჭიდრო თანამშრომლობას კერძოდ კომპანიასთან (ამჟამად ქუთაისში WizzAir-ის 6 ხომალდი ბაზირდება) და განსაზღვრა აეროპორტის ძირითადი სტრატეგიული კურსიც - კოპიტნარი რეგიონში ხელმისაწვდომი კომერციული ფრენების ჰაბი უნდა გამხდარიყო, რაც ადგილობრივი ტურიზმის სწრაფად განვითარებას შეუწყობდა ხელს. 

2021 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ ერთხელ განახლდა. თუ 2011-2012 წლების სამუშაოები ძირითადად თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის დაყენებასა და არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციაზე იყო პასუხისმგებელი, 2021 წლის სამუშაოები აეროპორტის მასშტაბების გაზრდაზე იყო მიმართული - აშენდა სრულიად ახალი დამატებითი ტერმინალი, გაორმაგდა სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა, მოეწყო მწვანე გადახურვა და გამწვანებული ტერასა, საერთო ფართობი 4800 კვადრატული მეტრიდან 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. თუ განახლებამდე აეროპორტი წლიურად დაახლოებით 600 ათასი მგზავრზე იყო გათვლილი, გაფართოების სამუშაოების შემდეგ გამტარუნარიანობა 2.5 მილიონამდე გაიზარდა.

2024 წელს დაიწყო აეროპორტის ახალი განვითარების ეტაპი. ახალი პროექტის ღირებულება 240 მილიონ ლარს აღემატება და ითვალისწინებს განცალკევებული სატვირთო ტერმინალის, ლოგისტიკური ცენტრისა და 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობას. მიზანია 2026 წლიდან აეროპორტმა დიდი ზომის საჰაერო ხომალდები ყველანაირი შეზღუდვის გარეშე მიიღოს. პროექტი ასევე მოიცავს სატვირთო ტერმინალისა და ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას.

რა სერვისებს სთავაზობს ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს?

მგზავრების რეგისტრაცია იწყება ფრენამდე 2 საათით ადრე და იხურება დაახლოებით 1 საათით ადრე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ყველა მოქმედ ავიაკომპანიას ინდივიდუალური შიდაგანაწესი აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია სარეგისტრაციო დახლის დახურვის დროის წინასწარ გადამოწმება. WizzAir ქუთაისი რეისებზე ხელმისაწვდომია ონლაინ რეგისტრაციის სერვისი, ხოლო ჩასხდომის ბარათის აეროპორტში ამობეჭდვაზე დამატებითი გადასახადია. ხელბარგის წესები განსხვავდება ავიაკომპანიების მიხედვით, თუმცა სტანდარტულად დაშვებულია ერთი ხელბარგი მგზავრზე, რომელიც უნდა თავსდებოდეს სალონის ზედა თაროზე.

უსაფრთხოების კონტროლი გულისხმობს როგორც მგზავრის, ასევე ბარგის შემოწმებას. ავიაკომპანიების შიდაგანაწესი აქაც განსხვავდება დეტალებში, თუმცა მოქმედებს ყველა საერთაშორისო აეროპორტისთვის სტანდარტული წესები: სალონში დასაშვებია მხოლოდ 100 მლ-მდე მოცულობის სითხეების შეტანა სპეციალურ გამჭვირვალე პაკეტში, ბასრი საგნების გადატანა ნებადართულია მხოლოდ ჩასაბარებელი ბარგითა და საჭირო დოკუმენტაციის თანხლებით. 

მოქმედებს მრავალფეროვანი ბარგის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერვისი. მგზავრებს შეუძლიათ ადგილზე ლოქერში შეინახონ ბარგი, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის ვისაც წინ გრძელი ტრანზიტი აქვს და ორ ფრენას შორის ქალაქში გასვლა სურს. ბარგის შეფუთვის სერვისი უზრუნველყოფს ჩემოდნების უსაფრთხო ტრანსპორტირებას. დაკარგული ბარგის შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური მომსახურების დახლი, სადაც შესაძლებელია განაცხადის შევსება და ბარგის მოძიების პროცესის დაწყება.

აეროპორტის ინფრასტრუქტურა

აღდგენა-განახლების სამუშაოების შემდეგ ქუთაისის აეროპორტში სრულად უზრუნველყოფილია მგზავრებისთვის საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ხელმისაწვდომია უფასო WiFi და მრავალი დამტენი წერტილი, სრული სპექტრითაა წარმოდგენილი საჭირო ფინანსური მომსახურება - 24/7 რეჟიმში მუშაობს სავალუტო ჯიხურები, ბანკომატები და ბანკის ფილიალი. მოქმედებს პირველადი დახმარებისთვის საჭირო ყველა საშუალებით საჭირო სამედიცინო პუნქტი. საინფორმაციო დახლი უზრუნველყოფს მგზავრებს დეტალური ინფორმაციით როგორც ფრენების, ასევე ქალაქში გადაადგილების და ტურისტული ობიექტების შესახებ.

Duty Free მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც საერთაშორისო ბრენდების პარფიუმერიას, კოსმეტიკას, ალკოჰოლურ სასმელებს და აქსესუარები, ისე ექსკლუზიურად ქართული პროდუქციის მაღაზია, სადაც შესაძლებელია ტრადიციული ტკბილეულის, ღვინის, ხელნაკეთი სუვენირებისა და სამკაულების შეძენა. ადგილზე ოპერირებენ როგორც სწრაფი კვების ობიექტები, ისე ტრადიციული ქართული რესტორანი. 

ტერმინალის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს სპეციალურად მოწყობილ მოსასვენებელ ზონებს კომფორტული სავარძლებით, ხელმისაწვდომია სპეციალური სამუშაო სივრცეები ინტერნეტთან წვდომით. აეროპორტის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის - ტერიტორია აღჭურვილია პანდუსებით, ლიფტებითა და სპეციალური სანიტარული კვანძებით.

როგორ მივიდეთ ქუთაისის აეროპორტთან?

აეროპორტთან მისვლა შესაძლებელია რამდენიმე სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე ახორციელებს რეისებს ორი ავტობუსის კომპანია, Georgian Bus და Omnibus Express. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ადგილზე - თუმცა ფრენებზე მოთხოვნის გათვალისწინებით ნაკლებსავარაუდოა, დატვირთულ სეზონზე ბილეთები ხშირად კვირებით ადრე იყიდება. მარშრუტები სინქრონიზებულია ავიარეისების განრიგთან.

ქუთაისის ცენტრიდან და უკან მოძრაობს სპეციალური აეროპორტის შატლი, რომელიც ქალაქში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან ჩერდება. აეროპორტიდან 1.8 კილომეტრში მდებარეობს მატარებლის სადგური, საიდანაც მგზავრებს უფასო შატლი ემსახურება. 

მათთვის ვინც საკუთარი ავტომობილით მოძრაობს, აეროპორტთან ფუნქციონირებს 124-ადგილიანი პარკირების სივრცე. მსუბუქი ავტომობილებისთვის პარკირების საფასური პირველ საათში 2 ლარია, 24 საათამდე კი - 10 ლარი. ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის დღიური გადასახადი შეადგენს 15 ლარს. თუ პარკინგის სერვისის გამოყენებას ფიქრობთ, წინასწარ გაეცანით წესებს - დარღვევებისთვის გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რომლებიც 5-დან 400 ლარამდე მერყეობს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა