პირველი ისტორიული წარმოდგენა ქუთაისში 1861 წლის 3 მარტს სცენისმოყვარეებმა ითამაშეს. ეს იყო ქართველი დრამატურგის გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“. 1880 წელს ქუთაისში პროფესიული დასი დაფუძნდა. მას სათავეში ჩაუდგა ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი.
1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი ხელმძღვანელობდა. 1928 წელს ქუთაისში, დიდი ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის მეთაურობით, მეორე - ქუთაისი-ბათუმის სახელმწიფო თეატრი დაარსდა.
ქუთაისის დრამატულ თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი 1940 წელს მიენიჭა, 1955 წელს კი მისი ახალი, 1100 მაყურებელზე გათვლილი შენობა გაიხსნა. 2008 წელს თეატრს 100-ადგილიანი მცირე სცენა და მისი ისტორიის ამსახველი მუზეუმი შეემატა.
2022 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა თავისი 162-ე სეზონი გახსნა.