KA
Shekvetili Dendrological Park

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

წლების განმავლობაში აქ ჭაობი და გაუვალი ტყე იყო, დღეს კი ამ ადგილს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. უნიკალური რეკრეაციული ზონა ოზურგეთის რაიონში, სოფელ შეკვეთილში, მთასა და ზღვას შორის 60 ჰექტარზეა გადაჭიმული. ეს ტერიტორია, სპეციალისტების აზრით, თავისი მდებარეობით იდეალურია მრავალი სახის ფლორისა და ფაუნის სიცოცხლისთვის.
რეგიონი
გურია
კურორტი
შეკვეთილი

დენდროლოგიური პარკის ეგზოტიკური ფლორა

დამთვალიერებლების აღფრთოვანებას იწვევს ათეულობით მეტრზე ცაში აზიდული ხე გიგანტები - ევკალიპტი, ამბრი, სეკვოია, ხეტიტა, ჭაობის კვიპაროსი, ჭადარი, მაგნოლია, მუხა, წიფელი, კედარი, ნეკერჩხალი და სხვა. მთლიანობაში აქ 29 სახეობის 200-ზე მეტი ხეა, რომელთაგან ზოგიერთის ასაკი 300 წელს აღემატება; 

18 ჰექტარზე გაშენებული უნიკალური ენდემური ჯიშის ხეები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიიდან არის გადმორგული. 42 ჰექტარზე კი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან ეგზოტიკური სახეობის ხე-მცენარეებია გახარებული.

დენდროლოგიური პარკის ეგზოტიკური ფაუნა

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე, საგანგებოდ დიდი ზომის ვოლიერებში, ბუნებრივ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ჩამოყვანილ 58 სახეობის ფრინველსა და ცხოველს ნახავ. მათგან მრავალი სახეობა საერთაშორისო წითელ წიგნშია შეტანილი. 

ყველაზე მეტი მნახველი თუთიყუშებს ჰყავთ, რომლებიც გამუდმებით ჟღურტულებენ და ათასფრები არიან - ასეთ ჰარმონიულ სიჭრელეს მხოლოდ ბუნება თუ შექმნის;

პარკის ცენტრში ხელოვნურად შექმნილ ტბაზე მთავარი ეგზოტიკური სანახაობაა - ვარდისფერი ფლამინგოები, პელიკანები, ყარყატები, ვარხვები და აფრიკული წეროები.

დამთვალიერებლები ვოლიერებში იხილავენ ლემურებსაც, ასევე ირმებს მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე და სხვა.

პარკში სასეირნო ბილიკია მოწყობილი, რომელსაც მთელ სიგრძეზე ბამბუკის ხშირი კორომი მიუყვება; მთელ ტერიტორიაზე სპეციალური საინფორმაციო ბანერებია განთავსებული, სადაც დეტალურად არის აღწერილი კონკრეტული ხე-მცენარისა თუ ფრინველის სახეობა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი მსოფლიოში არსებულ დენდროლოგიურ პარკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბურია. ამის გათვალისწინებით, მას რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი გამაჯანსაღებელი, ესთეტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა