KA
ჩაქაფული

ჩაქაფული

ქართული სამზარეულო მდიდარია მრავალფეროვანი და უგემრიელესი კერძებით, რომელთაგან ნაწილს სარიტუალო დანიშნულებაც აქვს. ჩაქაფული სწორედ ასეთი კერძია, რომელიც გაზაფხულის ყველაზე ძვირფასი დღესასწაულის - აღდგომის მთავარი კომპონენტია და რომლის გარეშეც ბუნების გამოღვიძების ეს უმშვენიერესი პერიოდი და აღდგომის ტრაპეზი წარმოუდგენელია.

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ჩაქაფულს მოვამზადებთ?

ამ კერძის არომატების სამყარო სრულიად პოლიფონიურია - ბატკნის ხორცი, ყველანაირი ქორფა მწვანილი, რაც კი გაზაფხულზე ირგვლივ მოიპოვება, ქინძი, ნივრის ფოჩები, მჟაუნა, წიწმატი, მწვანე ხახვი, მწვანე წიწაკა, პიტნა, ახალი ტყემალი, ტარხუნა და თეთრი ღვინო. 

რიტუალური არსება - ბატკანი ჩაქაფულის უმთავრესი მოქმედი გმირია და სწორედ მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი. ინგრედიენტები თანმიმდევრობით ლაგდება ქვაბში და მოუქაფავად, ნელ ცეცხლზე მზადდება. ისინი ერთმანეთს უნდა შეერწყას და  ერთიანი გემოს თაიგული შექმნას. სწორედ ამიტომ ჰქვია ამ კერძს ჩაქაფული.  

თუ ხბოს ხორცი გიყვარს, შეგიძლია ბატკნის ხორცი ამით ჩაანაცვლო, მაგრამ გაითვალისწინე, რომ აუცილებელია, ხორცი ცხიმიანი იყოს.  

რაც შეეხება ღვინოს, თეთრი კახური ქვევრის ღვინო ჩაქაფულში ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტია.

კახეთში ჩაქაფულს „დედას პურის“ გარეშე არ მიირთმევენ, ბოლო ხანებში კი დამკვიდრდა ქათმის, თევზის, კვერცხის, სოკოსა და კარტოფილის ჩაქაფულის მომზადების ტრადიციაც. სოკოსა და კარტოფილის კერძს განსაკუთრებით მარხვის პერიოდში ამზადებენ. ტრადიციული ჩაქაფული სულ სხვაა, მაგრამ ინგრედიენტების მრავალფეროვნება გემოთა ჰარმონიას ამ შემთხვევაშიც ნამდვილად ქმნის.  

ჩაქაფულის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

ხორცი - 2 კილოგრამი;

ხახვი - 2 თავი;

მწვანე ხახვი - 3 კონა;

ტარხუნა - 5-6 მოზრდილი კონა;

მჟაუნა -2 კონა;

ქინძი - 2 დიდი კონა;

ოხრახუში - 1 კონა;

ტყემალი - 2 ჭიქა;

პიტნა გემოვნების მიხედვით;

მწვანე წიწაკა - გემოვნების მიხედვით;

თეთრი ღვინო, სასურველია ქვევრის - კერძის მასის მიხედვით.

ჩაქაფულის მომზადების წესი

ბოლქვა ხახვი მრგვლად უნდა დაიჭრას. ტარხუნას კი ღეროები მოსცილდეს და მხოლოდ ფოთლები დარჩეს. შემდეგ კარგად გარეცხილი მწვანილი ზომიერად დაიჭრას. ჩაქაფულისთვის, ბატკნის ხორცთან ერთად, ცხიმოვანებისთვის, მისი დუმაც საჭიროა. ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად იჭრება, დუმა კი - ძალიან წვრილად.   

ქვაბში პირველად დუმის ნაჭრები იყრება, რომლებიც მანამ იბრაწება, სანამ ქონი არ დადნება. შემდეგ ქონის დაუშლელ ნაჭრებს ქვაბიდან იღებენ და გამდნარ ქონში ხორცს ყრიან, რომელსაც ფენა-ფენა დაჭრილ მწვანილს აყრიან. გაითვალისწინე, რომ ცოტა მწვანილს ნედლად იტოვებენ - ბოლოს, ზევიდან მოსაყრელად. ქვაბში თავიდანვე ასხამენ ღვინოს, ისე, რომ ინგრედიენტები დაფაროს. ხორცის ბოლომდე მოხარშვამდე ტყემალიც უნდა დაემატოს. ხარშვა დაბალ ცეცხლზე გრძელდება, სანამ ტყემალი არ დარბილდება და გამუქდება. ბოლოს კი მარილი, წიწაკა და გადანახული მწვანილი ემატება. ამის შემდეგ მუქი მწვანე, საოცარი არომატისა და სურნელის კერძი - ჩაქაფული მზადაა.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა