XV-XVII საუკუნეებში ჩხერის ციხე თავადი აბაშიძეების ფეოდალური საგვარეულოს საკუთრება იყო, მოგვიანებით კი ის იმერეთის მეფე სოლომონ I-მა შეიძინა.
ამ ადგილს ბევრი ბრძოლა ახსოვს, მათ შორის 1774 წელს, როდესაც კახთა მეფე ერეკლემ და მეფე სოლომონ I-მა ჩხერის ციხესთან ოსმალთა რაზმი დაამარცხეს. 1810 წელს კი, რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყებისას, ჩხერის მეციხოვნეებმა მტერს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს, რუსები ციხეს ვერ მისწვდნენ და სოფელი ჩხერი გადაწვეს.
ჩხერის ციხე ნატეხი ქვითაა ნაგები და ორი - ზედა და ქვედა ციხისგან შედგება. ზედა ციხეზე შემორჩენილია სათავსები, წყლის აუზი და ქვევრები. დასავლეთით სასახლეა, აღმოსავლეთით კი - აკროპოლისი. სასახლეს სწორკუთხედის ფორმა აქვს და ჩანს, რომ ძველად ის ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. შემორჩენილია ორი კოშკიც, რომლებიც თავის დროზე სასახლეს უკავშირდებოდა.
ჩხერის ციხეზე ასვლა ჩრდილოეთიდან, მთის ფერდიდანაა შესაძლებელი, საიდანაც მდინარე ჩხერიმელას ულამაზესი ხეობა ხელისგულივით იშლება.