მხოლოდ მსოფლიოს იშვიათ ადგილებში თუ შეძლებ ადმინისტრაციული ცენტრის სიახლოვეს ასეთ ველურ ბუნებაში აღმოჩნდე. ძმუისის კანიონი და ჩანჩქერთა კასკადი, გეოგრაფიული მონაცემებით, ერთადერთია მსოფლიოში და ის უნიკალური ბუნებრივი ძეგლია. ძმუისის კანიონი 2017 წელს ქართველმა მთამსვლელებმა National Geographic-ის ფოტოგრაფებთან ერთად აღმოაჩინეს და კანიონის დათვალიერების შემდეგ ამერიკელმა მეცნიერებმა მას მსოფლიოში ანალოგის არმქონე კანიონი უწოდეს. კანიონს მდინარე ლეხიდარი კვეთს და ჩანჩქერების კასკადსაც სწორედ ეს მდინარე ქმნის.
სამ-ნახევარი კილომეტრი სიგრძის კანიონი 25-მეტრიანი ჩანჩქერით იწყება. კანიონის გავლის შემდეგ კი კლდიდან სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერთა კასკადი ეშვება. პირველი ჩანჩქერი ზღვის დონიდან 1200 მეტრზეა, ხოლო ბოლო 600 მეტრიდან ჩამოედინება.
ზედა ჩანჩქერის დაშვება განიერია, ბოლოსკენ ვიწროვდება და ექსტრემალებისთვის საუკეთესო თავშესაქცევი ხდება, თუმცა აქედან დაშვება, რა თქმა უნდა, სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად, სპეციალური აღჭურვილობითაა შესაძლებელი, რასაც 4 საათი სჭირდება.