KA

წალენჯიხის ეთნოგრაფიული მუზეუმი

მართალია, უძველესი ეპოქის ამბების უმრავლესობა განვლილ დღეებს გაჰყვა, მაგრამ ქვის ხანიდან მოყოლებული ისტორიამ ბევრი საინტერესო ფაქტიც შემოგვინახა. წალენჯიხის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სწორედ ასეთ შთამბეჭდავ გამოცდილებას მიიღებ და წარსულში, სამეგრელოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების წესზეც ბევრ რამეს გაიგებ.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
წალენჯიხა

წალენჯიხა - საუკეთესო ადგილი ეთნოგრაფიული ტურიზმის მოყვარულთათვის

ქალაქი წალენჯიხა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს და ის ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. მოგზაურები მას ძირითადად ინწრის ხეობის ველური ბუნებით, მისტიკური ქუაქანცალიათი და ტობავარჩხილის ბილიკებით იცნობენ, თუმცა აქ კულტურული და ეთნოგრაფიული ტურიზმის მოყვარულებისთვისაც ბევრი სანახაობაა: სოფელ ლიის არქეოლოგიური ძეგლები, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები და ტაძრები. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ წალენჯიხის ტერიტორიაზე ქართველი ხალხის წინაპრები ქვის ხანიდან მოყოლებული უწყვეტად ცხოვრობდნენ.

წალენჯიხის ეთნოგრაფიული მუზეუმი

აქ გამოფენილი უძველეს დროში მცხოვრები ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველი მასალა შემთხვევითი არქეოლოგიური გათხრების შედეგად არის აღმოჩენილი და სწორედ წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული. ის პალეოლითის, ნეოლითის, ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს პერიოდებს მოიცავს.

საყურადღებო ექსპონატებია კოლხური ცულები - ძვ. წ. XV-VI საუკუნეების ბრინჯაოს გრავირებული უნივერსალური იარაღი, რომელსაც როგორც სამეურნეო, ისე საომარი დანიშნულება ჰქონდა. მათ გვერდით ამავე პერიოდის თოხებსა და შუბისპირებსაც შეხვდები. 

XIX-XX საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა

წალენჯიხის ეთნოგრაფიულ მუზეუმში თიხის, ხის, მინისა და სპილენძის საოჯახო ჭურჭელიც ინახება - ის ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება და ადრეულ შთამბეჭდავ ყოველდღიურობას შენ თვალწინ გადაშლის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა