KA
Transfiguration Cathedral in Tsalenjikha

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლია და ამის მიზეზი, უპირველესად, ეკლესიის მხატვრობაა.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
წალენჯიხა

ტაძრის ისტორია, ფერწერა და სტრუქტურა

ეკლესიაში შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ ტაძარი ოდიშის ერისთავის ვამეყ I დადიანის მიერ კონსტანტინოპოლიდან ჩამოყვანილ ოსტატს მანუელ ევგენიკოსს XIV საუკუნის დასასრულს მოუხატავს. ამ ოსტატის შესახებ სხვა ცნობები არ მოიპოვება, მაგრამ მის მიერ შესრულებული ეს მაღალი პროფესიული დონის ფერწერა კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი ნიმუშია მხატვრის ხელმოწერით და მოხატვის თარიღით (1384-1396 წწ., ვამეყ I დადიანის მმართველობის პერიოდი). 

კომპლექსი ეკლესიასა და სამრეკლოს მოიცავს. X-XIII საუკუნეებშია აშენებული. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეკლესიიდან დასავლეთის მიმართულებით გაჭრილი 45 მეტრის სიგრძისა და 4 მეტრის სიმაღლის გვირაბი. 

ეკლესიის გალავნის ძველი საძირკველი მოწმობს, რომ ეკლესიის აგებამდე აქ ციხესიმაგრე იდგა. სახელი წალენჯიხაც, ანუ ჭანის ციხე, ამ ადგილზე ციხესიმაგრის არსებობას უკავშირდება. ჭანები, იგივე ლაზები, ქართველთა სუბეთნიკური ჯგუფია.

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია თლილი ქვით ნაშენი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი წახნაგოვანია და თითოეულ წახნაგში ათი ვიწრო სარკმელია დატანებული. ეკლესიის ფასადი, ისევე როგორც ეკლესიის სარკმლები და კარები, სადაა. 

სადა ფასადების ფონზე მკვეთრ შთაბეჭდილებას ახდენს ფრესკებით უხვად შემკული და მოხატული შიდა სივრცე. კედლებზე საერო პირთა გამოსახულებებსაც ნახავ, მათ შორის - ამ მხარის მთავრების დადიანების საოჯახო პორტრეტებს.

კომუნისტური მმართველობის დროს 70 წლის განმავლობაში ეკლესია დაკეტილი იყო. ტაძარში ღვთისმსახურება 1988 წელს აღდგა და დღეს ტაძრის კარი ყველასთვის ღიაა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა