წიგნის პირველი მუზეუმი, რომელიც თავისი ექსპოზიციის მიხედვით შეფასებულია, როგორც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარეობს. მუდმივად მოქმედ გამოფენებზე აქ 5 ათასამდე იშვიათ წიგნს დაათვალიერებ, დახურულ საცავში კი 15 ათასამდე უნიკალური გამოცემა ინახება.
მუზეუმში დაცულია 1629 წელს რომში დაბეჭდილი იტალიურ-ქართული ლექსიკონი, პირველი ქართულენოვანი ნაბეჭდი წიგნი. აქვეა ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის მიერ 1675 წელს დაარსებული სტამბის წიგნები.
მუზეუმში შესაძლებელია ილია ჭავჭავაძის სამუშაო კაბინეტისა და ბიბლიოთეკის ნახვა, აგრეთვე, ყველა დროის ყველაზე დიდი ქართული წიგნის „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემების სრული კოლექციის დათვალიერება ქართულ და უცხოურ ენებზე.
მუზეუმში გამოფენილია რუსეთის იმპერატორის - მიხეილ რომანოვის ბიბლიოთეკა და წიგნები ვიქტორ ჰიუგოს, დიმიტრი მენდელეევის, ანტუან რენუარისა და სხვა ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით.