სოფელი ჭუბერი მდინარე ნენსკრის ხეობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. ამ ადგილის უძველეს, ანტიკურ ისტორიაზე არქეოლოგიური აღმოჩენები მეტყველებს. აქ ნაპოვნია ძვ.წ.VIII-VII საუკუნეების ლარილარის ანტიკური ხანის კრემაციული სამაროვნები, ალექსანდრე მაკედონელისა და მეფე ლისიმაქეს სახელით მოჭრილი ოქროს მონეტები (სტატერები) და სხვა.
ჭუბერი სვანეთის გზაზე ერთ-ერთი პირველი სოფელია. აქ შეგიძლია მესტიიდან ჩახვიდე.
ამ სოფელში ერთი ღამით დარჩენაც ღირს. ჭუბერში ბევრი საბანაკე ადგილი და კომფორტული საოჯახო სასტუმროა.
ჭუბერიდან ნაკრისკენ ლაშქრობა სასურველია დილით, 8 საათიდან დაიწყო. ნაკრაში უთვირის უღელტეხილით გადახვალ, რომელიც ზღვის დონიდან 3000 მეტრზეა და ამ სიმაღლიდან ლამის მთელი სვანეთი ხელისგულზე მოჩანს. გზა წიწვოვანი, უღრანი ტყით იწყება, რომელსაც ფოთლოვანი ტყე ანაცვლებს. ბოლოს კი ალპური მდელოები იშლება. ზამთარში ამ გზაზე ბევრი გარეული ცხოველი ბინადრობს, მათ შორის - დათვი და მგელი. მოგზაურობისთვის სასურველი პერიოდია ივლის-სექტემბერი.
სოფელი ნაკრა ალპურ ზონაშია. ზღვის დონიდან 1300 მეტრზეა გაშენებული. სოფელში საოჯახო სასტუმროები მუშაობს, სადაც ლაშქრობით დაღლილი სვანური სტუმარმასპინძლობით ისიამოვნებ.