KA
ხავიწი

ხავიწი

„ერბოთი მგბარი ფქვილი“ - ასე წერს ხავიწის შესახებ სულხან-საბა ორბელიანი. ეს კერძი საქართველოს ბევრ კუთხეში მზადდება: ფშავში, ხევსურეთში, მთიანეთში, თუშეთში, მესხეთში, რაჭაში, გურიაში. ამ კერძს ყველა კუთხეში სხვადასხვა წესით აკეთებენ. ამდენად, მომზადების ტექნოლოგიაც მნიშვნელოვნად განსხვავებულია.

ხავიწის ძირითადი ინგრედიენტებია ფქვილი, რძე და რძის პროდუქტები. მას ცხელს მიირთმევენ. საქართველოს ზოგიერთ მთიან რეგიონში ფქვილით შესქელებულ და ერბოში მოხარშულ ყველიან ხავიწს „ჩააკალაპოტებდნენ“, ანუ ფორმას მისცემდნენ, ჭრიდნენ და დიდხანს ინახავდნენ, როგორც ყუათიან საკვებს. ხშირად ასეთ ხავიწს სადღესასწაულო რიტუალური ქადების გულსართადაც იყენებდნენ.

თუშური ხავიწი - დათხური 

თუშეთში ხავიწს დათხურსაც ეძახიან. ის წააგავს ფშაველების ხაჭო-ერბოს, რომელიც დამბალხაჭოსგან მზადდება, მაგრამ დათხურს უმარილო ხაჭო სჭირდება. ორი დღე მას თბილ ადგილზე დგამენ. რომ ჩახურდება, მარილს მოაყრიან და ცხელ ერბოიან ტაფაზე  მოადუღებენ. ხაჭო და ერბო ერთმანეთში კარგად რომ აირევა, გადმოიღებენ და, პურთან ერთად, ცხელ-ცხელს მიირთმევენ.

რაჭული ხავიწი

ხავიწი მთის რაჭის დამახასიათებელი შეჭამანდია. ის ოდითგან ამ მხარის ერთ-ერთი ყოველდღიური კერძი იყო. რაჭაში ხავიწი დღემდე ბევრ ოჯახში მზადდება.

რაჭული ხავიწისთვის ერბოს ის ნაწილი გვჭირდება, რომელიც კარაქის დუღილის შემდეგ ძირში ილექება. უკვე მზა ერბოს დუღილისა და გადაწურვისას ბოლოში რჩება თეთრი ნალექი, რაჭაში მას პერის ეძახიან. პერი რაჭული ხავიწის მთავარი ინგრედიენტია. ხის კოვზით მას ცოტაოდენ პურის ფქვილს ამოუკიდებენ, კარგად ამოურევენ, დაბალ ცეცხლზე აადუღებენ, მარილით შეაზავებენ და ნოყიერ, გემრიელ ხავიწს მიიღებენ. მას პურთან ერთად მიირთმევენ. 

გურული ხავიწი

გურული ხავიწი ყველაზე მეტად ჰგავს სულხან-საბას ლექსიკონში განმარტებულ ხავიწს - ესაა თაფლითა და ღომის ფქვილით მომზადებული ფაფა. 

ხავიწს რეგიონ გურიაში წითელი, ნატურალური ღვინითა და თაფლით აკეთებენ და ყველაზე ხშირად ახალნამშობიარევი ქალისთვის მიაქვთ. ბებიები მას გრიპისა და გაცივების დროსაც იყენებდნენ. 1 ლიტრ ნატურალურ წითელ ღვინოს 2 ლიტრ წყალს დაასხამდნენ და ადუღებდნენ, სანამ 2 თითის ტოლს არ დაიკლებდა (ამ დროს მთელი საღვინე სპირტი და არომატები ამოქროლდება), მერე დაუმატებდნენ 3 სუფრის კოვზ შაქარს და ნახევარ კილო თაფლს, კარგად შეაზელდნენ 5 ჭიქა გაცრილ პურის ფქვილს და ნელ ცეცხლზე დააშუშებდნენ. ეს უგემრიელესი, მეტად სასიამოვნო და სასარგებლო კერძია.

აჭარული ხავიწი

აჭარული ხავიწი კაიმაღით კეთდება. კაიმაღი არაჟნის კონსისტენციის პროდუქტია. მის მოსამზადებლად რძეს ნელ-ნელა ადუღებენ, შემდეგ ორი საათით ძალიან დაბალ ტემპერატურაზე აჩერებენ. სითბოს წყაროს გათიშვის მერე მიღებულ კრემივით მასას ურევენ და რამდენიმე საათით ან მთელი დღით აჩერებენ.

აჭარული ხავიწის მოსამზადებლად, სქელძირიან ქვაბში ჩავდოთ კაიმაღი, შემოვდგათ ცეცხლზე და ხის კოვზით მოვურიოთ. რომ ადუღდება, ჩავყაროთ გამერდინებული (წვრილ საცერში გატარებული) მჭადის ფქვილი, დავასხათ წყალი და ვადუღოთ, სანამ არ გასქელდება. მიღებულ თეთრ მასას მარილი დავუმატოთ და ცხელ მჭადთან ერთად შევექცეთ.

ოსური ხავიწი

ოსური ხავიწის მოსამზადებლად გავადნოთ 600 გრ კარაქი. ერთ ლიტრ წყალში შევაზავოთ  300 გრ პურის, 300 გრ სიმინდის ფქვილი და სწრაფად ვურიოთ, რომ კელტებად არ შეიკრას.  როცა წამოდუღდება, ცხიმი შევურიოთ, ისე, რომ თავზე კარგად მოადგეს. ბოლოს მარილით შევაზავოთ.

ხავიწის ყველაზე გავრცელებული ვარიანტი

წყალი - 1 ლ

ხორბლის ფქვილი - 150 გრ

სიმინდის ფქვილი - 150 გრ

ერბო - 300 გრ

მარილი - გემოვნებით

ხორბლისა და სიმინდის ფქვილი მოვხალოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 15-20 წუთი. მდუღარე წყალი შევაზავოთ მარილით (გემოვნებით) და ნელ-ნელა, განუწყვეტელი მორევით დავუმატოთ ფქვილი. ვადუღოთ, სანამ მოიხარშება. თან განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით, რომ არ მიიკრას. 

გამზადებული ხავიწი მათლაფებზე ამოვიღოთ, შუაში ჩავდოთ ერბო და ასე მივიტანოთ სუფრასთან.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა