KA
ხორცშებუიანი ქადის კვერი

ხორცშებუიანი ქადის კვერი

ხორცშებუიანი ქადის კვერი ქართული გულსართიანების ერთ-ერთი გამორჩეული კერძია და საქართველოს მთიანი მხარის სამზარეულოს დელიკატესად მიიჩნევა. შებუ მთის ღანძილს ჰქვია, მოხევურად ის არის ბაშო, თუშურად - შებუი, ფშავ-ხევსურულად - შიბუ, მთიულები კი ნიორაის ეძახიან. ღანძილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი მცენარე, საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი.

ღანძილი იშვიათი და ძალიან სასარგებლო მცენარეა. მისი მოპოვება იოლი არაა, რადგან გაზაფხულის მახარობლებთან ერთად იწყებს ამოსვლას და მისი დაკრეფა ხშირად თოვლის ქვეშ უწევთ. ღანძილი ველური ნიორაის სახელითაცაა ცნობილი და სპეციფიკური სუნი დაჰყვება. მისი სეზონი აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ხარობს საქართველოს ტენიან ტყეებსა და მთის შუა სარტყელში, სადაც მისი გამოყენება ოდითგან იცოდნენ. 

არსებობს არაერთი რეცეპტი - ღანძილის  შეჭამანდი, ძმრითა და მწვანილით შეზავებული ღანძილი, ღანძილის მობრაწულა, ღანძილი ზეთით და ქინძით, აგრეთვე, დამწნილებული ან უმი - ყველა გემრიელი და სასარგებლო  საკვებია. ღანძილით მომზადებული რეცეპტები ბარბარე ჯორჯაძის პირველ ქართულ კულინარიულ წიგნშიცაა შეტანილი. 

მთაში დღესასწაულებზე ღანძილით საუკეთესო სარიტუალო კვერებს აცხობდნენ და ისინი ხორცშებუიანი ქადის კვერების სახელით იყო ცნობილი.

როგორ მოვამზადოთ ხორცშებუიანი ქადის კვერები?

მოსამზადებლად დაგვჭირდება:

პურის ფქვილი - 1,5 კგ

საფუარი - 1 ს/კ

ხორცი (საქონლის, ღორის ან ცხვრის) - 1 კგ

შებუ (ღანძილი) - სამი გუნდა

ყველი - 700 გრ   

ერბო - 2 ს/კ

მარილი - გემოვნებით  

ამ პროპორციებით 10  საშუალო ზომის ქადის კვერი გამოდის.

ღანძილის ნორჩი ღეროები კარგად ირეცხება, შემდეგ მდუღარე მარილწყალში იყრება და დაახლოებით 40-45 წუთი იხარშება. როგორც კი ღერო ხელში გაისრისება, ღანძილი მდუღარიდან ამოაქვთ და 1 საათით გამდინარე ცივი წყლის ქვეშ ტოვებენ. შემდეგ თუშფალანგზე გადმოაქვთ და გუნდებად წურავენ. ასე ღანძილი ნებისმიერი რეცეპტით მოსამზადებლად არის მზად, მაგრამ, როცა ხორცშებუიან ქადის კვერებს ვაკეთებთ, ღანძილი  უნდა დავკეპოთ და კიდევ ერთხელ ფრთხილად გავწუროთ ხელით. 

ხორცშებუიანის ქადის კვერისთვის ცომი პურის ფქვილითა და საფუვრით იზილება. უფრო რბილი რომ იყოს, სასურველია, წყლის ნაცვლად თბილი რძით მოიზილოს და ცოტაოდენი ცხიმიც დავუმატოთ. ცომი პირველი აფუებისთანავე უნდა ჩაიზილოს. მეორე აფუებამდე კი გულსართი მოვამზადოთ.

წვრილად დაჭრილ ხორცს დავაყაროთ მარილი, წიწაკა და ხელით დავამუშაოთ. ვზილოთ 10-15 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ერბო და ისევ გავაგრძელოთ ზელა. შევურიოთ დაფშვნილი ჭყინტი ან ნაკლებმარილიანი ყველი. ბოლოს დელიკატურად შევურიოთ დაკეპილი შებუ (ღანძილი), ისე, რომ ზედმეტად არ გადავზილოთ. გულსართი მზადაა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა