KA
Jvari Pass Travertine National Monument

ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მისი ბუნების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობას განაპირობებს. მოძრავი ლოდები, კლდოვანი სვეტები, ღრმა კანიონები, ვულკანური ფორმები, მდუღარე ტბები და გაქვავებული ტყეები - ეს შთამბეჭდავი ბუნების ძეგლები იმის მაგალითია, რომ ბუნება საუკეთესო შემოქმედია. ტრავერტინი საქართველოს ბუნების ერთ-ერთი საოცრებაა. ის ფორიანი, მცირე სიმკვრივის ნახევრად კრისტალური მყარი ქანია, რომელიც კალციუმის კარბონატის დალექვის შედეგად წარმოიქმნება. ხშირად მიწისქვეშა წყლებიდან გამოიყოფა და მღვიმეებში სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს ქმნის.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

საქართველოში ტრავერტინი რამდენიმე ადგილზე გვხვდება და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოხატული ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბიდარის ხეობაში, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 2197 მეტრზე მდებარეობს.
აქ გამჭვირვალე წყალი თხელ ფენად ეშვება, ულამაზეს ტრავერტინებს წარმოქმნის და უამრავ ტურისტს იზიდავს.
ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინები ვრცელი მინდვრების სახითაა წარმოდგენილი, რომლებიც ზოგან თეთრია, ზოგან კი რკინის მარილების მინარევებით ნარინჯისფრად არის შეღებილი. 

ცნობისთვის, ტრავერტინს სამშენებლო და დეკორატიულ მასალადაც იყენებენ. მაგალითად, რომის კოლოსეუმი გარედან ტრავერტინით არის შემოსილი. 

ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინებთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტი გუდაურია - გუდაურიდან ტრავერტინებამდე მანძილი 10 კმ-ია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა