KA
Aketi Church of the Savior

აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია

აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში, მდინარე სუფსის მარჯვენა შენაკადის, აცაურას ნაპირზე მდებარეობს და მას მრავალი ლეგენდა უკავშირდება. ჯვრის ფორმის ეკლესიის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ეკლესიის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან მოიპოვება.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ლანჩხუთი

აკეთის მაცხოვრის ეკლესიის ისტორია

ხალხში გავრცელებული თქმულების მიხედვით, აკეთის მაცხოვრის ეკლესია XII საუკუნეშია აშენებული. თამარ მეფეს გურიის სოფლებში - აკეთსა და აცანაში ეკლესიების ასაგებად ბერძენი ოსტატები მოუწვევია, მთავარი ოსტატი სამუშაოდ აცანაში წასულა, მის შეგირდს კი ეკლესია აკეთში აუშენებია. საბოლოოდ, შეგირდის ნამუშევარი უკეთესი გამოსულა და მეფესაც ის დაუსაჩუქრებია, ამით განაწყენებულ ოსტატს კი შეგირდისთვის მარჯვენა ხელი მოუჭრია.

ლეგენდები აკეთის მაცხოვრის ეკლესიის შესახებ

გადმოცემის მიხედვით, ამ ტაძარში უამრავი სიწმინდე და განძი ინახებოდა, მათ შორის - თეთროსნის ღვთისმშობლის ხატი, გვარასთავის წმინდა გიორგის ხატი და მთავარი სიწმინდე - მაცხოვრის ხატი. ამბობენ, რომ ამ ხატებზე სალოცავად აკეთში მუსლიმი ქართველებიც კი დადიოდნენ. სამწუხაროდ, მაცხოვრის ხატი დღეს დაკარგულია. 

აკეთის მაცხოვრის ეკლესია დღეს

ტაძარი არსებობის განმავლობაში არაერთხელ დაურბევიათ და გაუძარცვავთ, თუმცა საგანძურის ნაწილი ძარცვას სასწაულებრივად გადარჩენილა. ამჟამად შესასვლელ კარზე შემორჩენილია ჩუქურთმებიანი რელიეფი, რომელზედაც ორი გველეშაპია გამოსახული. ეკლესიის რეკონსტრუქცია 2010-იან წლებში განხორციელდა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა