უძველესი საშობაო საგალობელი „ალილოც“ ამ ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. მის გარეშე ეს დღესასწაული წარმოუდგენელია.
საგალობელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულია, კუთხურობითა და ვარიანტულობით გამოირჩევა. ტექსტის შინაარსი დალოცვის, ჯანმრთელობის, ბარაქიანობისა და ბედნიერების სურვილებითაა სავსე.
„ალილოს“ რამდენიმე კაცი ერთდროულად ასრულებდა და ასე, სიმღერით ულოცავდა მასპინძელს. სამაგიეროდ, მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
სიტყვა „ალილო“ სათავეს „ალილუიადან“ იღებს, რაც ღვთის დიდებას ნიშნავს. ქრისტესშობით გამოწვეული უდიდესი სიხარულის გაზიარება ოდითგან ამ სიმღერა-საგალობლით აღინიშნებოდა.
სიხარულის გაზიარებასთან ერთად, ტრადიციის მთავარი არსი სურსათ-სანოვაგის მოგროვება და გაჭირვებულებისთვის დარიგება იყო. სულიერი სიხარულის სანაცვლოდ, ადამიანები ხორციელს სწირავდნენ შობის მახარობლებს. ალილოზე აუცილებელი იყო კვერცხის გაცემა, რადგან ის სიცოცხლის საწყისთან ასოცირდება.
შესაწირის ტრადიციაც ძველია - როდესაც მოციქულები მიდიოდნენ და ქადაგებდნენ, მათ უამრავ შესაწირს აძლევდნენ, რომელსაც შემდეგ ისინი მოწყალების სახით გასცემდნენ.
განსაკუთრებული იყო ამ დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული საშობაო სუფრაც. გურიაში ამ დღეს დიასახლისი აუცილებლად აცხობდა საშობაო ღვეზელს, მეგრელები ღომითა და საცივით ხვდებოდნენ შობის დღეს, მესხები ნიგვზის გოზინაყს ამზადებდნენ, აღმოსავლეთში - ტკბილი ქადა, ფშავ-ხევსურეთში კი ხინკალი კეთდებოდა, სვანები - კუბდარით, იმერლები - ხაჭაპურით, აჭარლები კი აჩმით ემზადებოდნენ. ამ კერძებთან ერთად, აუცილებელი იყო ღორის ხორცი და ყველა სუფრას ტრადიციული ქართული ნუგბარი - ჩურჩხელა, ჩირი და გოგრა ამშვენებდა.
საქართველოში ალილოს 70-წლიანი წყვეტა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღადგინა. დღეს ალილოს დღესასწაული ყოველწლიურად შობის ღამის თევის შემდეგ აღინიშნება. განსაკუთრებული სიხარულით ალილოს მსვლელობაში ბავშვები ერთვებიან. სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეებს უამრავი ადამიანი სწირავს შესაწირს, რომელსაც დღის ბოლოს მოხუცებულთა და ბავშვთა თავშესაფრებში ანაწილებენ.