KA
ქართული ალუდი

ქართული ალუდი

თუკი საქართველოს მთაში - ხევსურეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ფშავში, ხევში, მთათუშეთში მოხვდები, დარწმუნდები, რომ აქ, ღვინის ქვეყანაში, ლუდის (ალუდის) ხარშვასაც დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდი საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული.

საქართველოში ლუდი რომ მრავალწლიან ისტორიას ითვლის, ამას არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალებიც ადასტურებს. ქართველი მთიელები ლუდს ძირითადად ქერისგან ადუღებდნენ, უპირველესად კი ალაოს ამზადებდნენ, ანუ ქერის მარცვალს ალბობდნენ. მანამდე გამხმარ ქერს წისქვილში მსხვილად ფქვავდნენ, ტომრებში ყრიდნენ და ბნელ ადგილას ინახავდნენ.

ლუდის მოხარშვისთვის სამზადისი დღესასწაულამდე შვიდი-რვა დღით ადრე იწყებოდა, რასაც ხევსურეთში „ქვაბების დაყრას“ უწოდებენ, თუშეთში კი - „ქვაბების შეკიდებას“. საუკეთესო პროპორციად მიიჩნევა ერთ საწყაო ფორის ფქვილზე ერთი საწყაო წყალი. დადუღებულ და გაწურულ ტკბილს (სისწვენი, ზისწვენი) ჩაასხამენ ხელახლა გასუფთავებულ ლუდის ქვაბში და სვეს (სვიას) დააყრიან.

ზაფხულობით, როდესაც მთაში დღეობები იმართება, ყველგან, სოფლის ცენტრებში ალუდით გაგიმასპინძლდებიან. ის საგანგებოდ დღესასწაულისთვის იხარშება, უხუცესი  ლოცვას წარმოთქვამს - ამწყალობებს და ლუდით საკრალური რიტუალი სრულდება. ლუდი მთაში სარიტუალო სასმელად მიიჩნეოდა, შესაბამისად, ყველა მნიშვნელოვანი სადღესასწაულო თუ სამგლოვიარო სუფრა სწორედ ლუდით იყო დალოცვილი და განწმენდილ-გაპატიოსნებული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა