მდინარეების - მტკვრისა და არაგვის შესართავთან აგებულ ეკლესიას ქართველებმა ანტიოქია უწოდეს. ამის მიზეზი კი ის ფაქტია, რომ მეფე მირიანის თხოვნით, საქართველოში ნათლობის ჩასატარებლად რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა იოანე ეპისკოპოსი გამოგზავნა, რომელიც 325 წელს ნიკეის კრებაზე ანტიოქიის პატრიარქად აირჩიეს.
როგორც „ქართლის ცხოვრება“ - საქართველოს ისტორიის უმთავრესი წყარო მოგვითხრობს, ეკლესია მეფე არჩილ I-ს სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლობის ნიშნად აუგია.
ანტიოქია სხვადასხვა დროის ნაგებობებსაც მოიცავს: დარბაზული ეკლესია, რომელიც VII-VIII საუკუნეებით თარიღდება, კარიბჭე და კარიბჭეზე დაშენებული კოშკი კი XVI-XVII საუკუნეებშია აგებული.
აღსანიშნავია, რომ ტაძრის ზღურბლში ჩატანებულ ქვას ბერძნულ ენაზე ტაძრის ხუროთმოძღვრის - ავრეულიუს აქოლისის სახელი აწერია. ეს ფილა კი მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმშია დაცული.
სამწუხაროდ, VIII საუკუნეში, საქართველოში მურვან ყრუს შემოჭრის დროს, ტაძარი გადაიწვა, თუმცა XV-XVIII საუკუნეებში ის საფუძვლიანად აღადგინეს.
ანტიოქიის ეკლესია პირველმოწამე სტეფანეს სახელობისაა და ამჟამად მის ტერიტორიაზე დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.