უძველესია პიტიახშების, ანუ მეფესთან დაახლოებული დიდებულების რეზიდენცია. დღეს აქ საველე მუზეუმია, სადაც ნახავ სასახლისა და სხვა შენობათა ნაშთსა და სამარხებს; ძეგლები ჩვ.წ. პირველი საუკუნიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდს ეკუთვნის. დიდგვაროვანთა სამარხებში აღმოჩენილია ოქრომჭედლობის, ნუმიზმატიკის, ხელოსნობის შესანიშნავი ნიმუშები. მათი ნაწილი უცხოურია, რაც აჩვენებს, რომ იბერიის სამეფოს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები ანტიკური ცივილიზაციის ქვეყნებთან ჰქონდა.
საველე მუზეუმიდან ხეობას რომ აუყვები, არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიას დაინახავ. ეკლესია 1150-78 წლებშია აშენებული. კარიბჭესთან მცირე ზომის გუმბათოვანი საძვალეა. ეკლესიის დასავლეთით კი XVI-XVII საუკუნეების სამრეკლო დგას. ეკლესიისა და კარიბჭის კედლებზე XII საუკუნის კედლის მხატვრობაა შემორჩენილი.
ეკლესიიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, კლდოვან ქედზე აღმართულია XII-XIV საუკუნეების ციხესიმაგრე, რომელსაც 30 ჰექტარი ტერიტორია უკავია. ამჟამად არმაზის ციხისგან ნანგრევებია დარჩენილი, თუმცა მაინც ჩანს, რა მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლი ჰქონდა ამ სიმაგრეს შუა საუკუნეებში.