მწვერვალი ლაილა მესტიის მუნიციპალიტეტში, ლაილჭალის სათავეებში, ზღვის დონიდან 4010 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ის სვანეთის ქედის უმაღლესი წერტილია. მწვერვალი თოვლისა და ყინულის საფარითაა დაფარული. მისგან ჩამონადენი წყლით მყინვარი ლაჰილი წარმოიქმნება.
მწვერვალი ლაილა იდეალური მწვერვალია დამწყები ალპინისტებისთვის.
მარშრუტი სოფელ ცხუმარში იწყება, ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე. საფეხმავლო ბილიკით ტყის გავლით მივემართებით ლაილას ქედისკენ. ქედის გავლის შემდეგ პირველ საბანაკოზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე ვხვდებით. აქედან გზის გავლა ცხენებითაცაა შესაძლებელი. ასავლელი ვერტიკალი 1500 მეტრია, საჭირო დრო - 5-6 საათი.
გამთენიისას პირველი საბანაკოდან მწვერვალისკენ გავდივართ. გზა თოვლითაა დაფარული და ადვილად გასავლელია. მარშრუტს თოკზე ჩაბმულები მივუყვებით. მწვერვალზე 5-10 წუთის დაყოვნების შემდეგ იმავე გზით პირველ საბანაკოში ვბრუნდებით. ასავლელი ვერტიკალი 1200 მეტრია, საჭირო დრო - 6-7 საათი.
საბანაკოდან იმავე გზით ჩამოვდივართ სოფელ ცხუმარში. უამინდობისა და გართულებული აკლიმატიზაციის შემთხვევისთვის მარშრუტზე 2 სარეზერვო დღეა გათვალისწინებული.
ლაილაზე ასვლა რეკომენდებულია ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე.
მესტიის ცენტრიდან მარშრუტის საწყის წერტილამდე 20 კმ-ია. ადგილზე მისასვლელად მაღალი გამავლობის ავტომობილია საჭირო. მისი დაქირავება მესტიის ავტოსადგურზე შეგიძლია.