KA
Ateni Fortress

ატენის ციხე

ატენის ხეობა შიდა ქართლში მდებარეობს, რომელიც გამორჩეულია თავისი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით. სწორედ აქ, ციცაბო მთაზე, გორიდან 12 კილომეტრში, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მიუვალი ციხესიმაგრე - ატენის ციხე მდებარეობს. მას საუკუნეების განმავლობაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა - შიდა ქართლიდან სამხრეთისკენ მიმავალ უმოკლეს გზას აკონტროლებდა.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
გორი

ატენის ციხის ისტორიული წარსული

უცნობია ციხის აშენების ზუსტი თარიღი, მაგრამ ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ X საუკუნეში ის კლდეკარის ერისთავებს ეკუთვნოდათ და მის ასაღებად ბაგრატ III-ს - გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველ მეფეს, მნიშვნელოვანი ბრძოლები უწარმოებია. ამის შემდეგ ატენის ციხე ქართველ მეფეთა საკუთრებაში გადავიდა.

აუღებელ ციხესიმაგრეს მრავალი ბრძოლა აქვს გადატანილი. ცნობილია, რომ 1556 წელს საქართველოში შემოჭრილმა შაჰ-თამაზმა, მრავალი შეტევის მიუხედავად, ატენის ციხის აღება მხოლოდ სასმელი წყლის გადაკეტვის შემდეგ შეძლო.

ატენის ციხის სტრუქტურა

ისტორიული წყაროების მიხედვით, ციხეს მაღალი და მტკიცე კედლები ჰქონია, გალავანი კი ბურჯებით ყოფილა გამაგრებული. შიგნით მეციხოვნეთა სადგომებს, წყალსაცავსა და სხვა საჭირო ნაგებობებსაც შეხვდებოდით. ამ ყველაფრის ფრაგმენტების ნახვა კი დღესაც შესაძლებელია. 

შეუვალი ატენის ციხე XVII საუკუნის დასაწყისში დაინგრა, როდესაც ქართლის მეფე როსტომი მეფე თეიმურაზის მომხრე აჯანყებულებთან ბრძოლებს აწარმოებდა. საბოლოო დაზიანებები კი ატენის ციხეს 1920 წლის მიწისძვრამ მიაყენა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა