აჯაფსანდალი ერთგვარი თავისუფლებაა, რადგან მისი მომზადებისას არანაირი კონკრეტული რეცეპტი ან შეზღუდვა არ მოქმედებს, ის შეგიძლია გააკეთო: ბოსტნეულით, ხორცით, ლობიოთი, დაუმატო სტაფილო, მწვანე ბულგარული წიწაკა - წითელიც, ყვითელიც, ასევე კარტოფილი და შეგიძლია ბრინჯითაც კი მოამზადო. ერთადერთი, რაც ყველა შემთხვევაში მეორდება, მთავარი ინგრედიენტია და ის ბადრიჯანია.
აჯაფსანდალი შეგიძლია მოამზადო ქვაბში, ტაფაში, ქოთანში. კერძში ბოსტნეული შეიძლება გრძლად დაჭრილიც იყოს, ოთხკუთხედიც და მრგვალიც. აჯაფსანდალი შეგიძლია ცხელიც მიირთვა და ცივიც, მისი მომზადება ყველა სეზონზეა შესაძლებელი, მაგრამ ის მაინც ზაფხულს უკავშირდება, დროს, როდესაც სამზარეულოები ახალდაკრეფილი ბოსტნეულის სურნელითა და გემოებით გაივსება.
მისი მომზადება, ცოტა არ იყოს, შრომატევადია, მაგრამ ბევრი დიასახლისი ამ შრომასაც იიოლებს - ყველა ინგრედიენტს ერთად ათავსებს ქვაბში, ნელ ცეცხლზე შემოდგამს და, როგორც კი ბოსტნეული ჩაბუჟბუჟდება, ერთმანეთს შეერწყმება და ჩაიწევს, მწვანილს მოაყრის, მარილს დაუმატებს, თავსახურს დააფარებს და ამის შემდეგ კერძიც მზად არის.
უფრო ნებისყოფიანი და სამზარეულოში ფუსფუსის მოყვარული დიასახლისები ყველა ინგრედიენტს ცალ-ცალკე, მოთმინებითა და აკურატულობით შუშავენ, მერე ერთ ქვაბში აერთებენ და კერძი ასე მართლაც უფრო გემრიელი გამოდის.
არის კიდევ ერთი საიდუმლო, რაც აჯაფსანდალს სპეციფიკურ გემოს ანიჭებს და კერძს სრულყოფილს ხდის - ესაა რეჰანი.
ჩამოთვლილი ინგრედიენტები კარგად გარეცხე. ბულგარული წიწაკა გაასუფთავე და წვრილად დაჭერი. ცალკე ჯამზე მოათავსე გახეხილი სტაფილო და ასევე ცალკე, ღრმა თეფშზე - კანგაცლილი პომიდორი.
ბადრიჯანი გათალე, დაჭერი, ნახევარი საათი მარილმოყრილი გააჩერე, მერე კარგად გაწურე და ზეთმოსხმულ ტაფაზე შეწვი.
სანამ ბოსტნეულს ამზადებ, დაზოგე დრო - დადგი ცეცხლზე კარტოფილი და მოხარშე. თუკი უკვე ხახვიც წვრილად დაჭერი და მწვანილებიც, შეგიძლია კერძის მომზადებას შეუდგე.
აჯაფსანდლისთვის ცოტა მოზრდილი, სასურველია, თუჯის ქვაბი აირჩიო, რათა ყველა ინგრედიენტი კარგად მოთავსდეს და მოიშუშოს.
დადგი ქვაბი საშუალო ცეცხლზე, ჩაასხი ცოტა ზეთი და გაცხელებისთანავე ჩაყარე წვრილად დაჭრილი ხახვი. როგორც კი შეამჩნევ, რომ ხახვი შეფერადდა, დაამატე კანგაცლილი, წვრილად დაჭრილი ან გახეხილი პომიდორი (ხასხასა ფერის მისაღებად შეგიძლია ერთი სუფრის კოვზი ტომატიც დაუმატო). შემდეგ ქვაბში ჩაყარე მოხარშული კარტოფილი და ნელ-ნელა დაუმატე დანარჩენი ინგრედიენტები. ბოლოს ქვაბში იმ რაოდენობის მდუღარე წყალი ჩაასხი, როგორი სისქის კერძიც გინდა, რომ მიიღო. თუმცა ისიც გაითვალისწინე, რომ ბევრი დიასახლისი წყალს არ ურევს. ამის შემდეგ ნელ ცეცხლზე ადუღე და 10-15 წუთში აჯაფსანდალი მზად იქნება.