ბაზარი განსაკუთრებით ლამაზი და ფერადია ზაფხულის ბოლოდან შემოდგომამდე. ამ პერიოდში აქაურობა დედაქალაქის ირგვლივ მდებარე სოფლებიდან ჩამოსული გლეხებით გადაივსება, მოაქვთ საკუთარი ხელით და საკუთარ მიწაზე მოყვანილი, ეკოლოგიურად სუფთა ხილ-ბოსტნეული, თხილეული, სახლის რძის პროდუქტები - მაწონი, სულგუნი, ხაჭო, ნადუღი, სასწაულად სურნელოვანი მწვანილები და სხვა.
გლეხები ქართული სტუმართმოყვარეობით მიგიპატიჟებენ თავიანთ დახლებთან. შეგიძლია, გემო გაუსინჯო მათ ნებისმიერ პროდუქტს. იმასაც მოგიყვებიან, რა რისგან მზადდება და რატომ არის სასარგებლო.
ქართული ბაზრის სავიზიტო ბარათია ყურძნის წვენისგან დამზადებული ჩურჩხელა, სხვადასხვა ხილისა და ფერის ჩირი და ტყლაპი, ქართული სუნელები, დაფნის ფოთოლი, ტყემლის საწებელი…
ბაზრის ხმაურიანი ატმოსფერო აღმოსავლური კოლორიტი და, შეიძლება ითქვას, თბილისის ერთგვარი ღირსშესანიშნაობაა.
ასეთი ამბავია „დეზერტირების ბაზარში“ ყოველდღე, დილის 7:00 საათიდან.
ბაზრის ირგვლივ კი ვრცელი სავაჭრო ინფრასტრუქტურაა მოწყობილი - მაღაზიები, სუპერმარკეტი, ღია ტიპის დახლები. აქ ყველაფრის შეძენა შეგიძლია, ოქროს ნივთებიდან დაწყებული, ხალიჩებით დამთავრებული.