111 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ბათუმის ცენტრიდან 9 კმ-ში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და „მწვანე კონცხს“ შორის მდებარეობს. ბოტანიკური ბაღი აქ 1912 წელს დაარსდა, თუმცა მცენარეების შემოტანა აჭარაში 1881 წელს, მოაგარაკე მეჩესლავ დ’ალფონსმა დაიწყო, ჩაქვთან მას საკუთარი ბაღი ჰქონდა. 1892 წელს ბოტანიკოსმა პავლე ტატარინოვმა ბათუმის სანაპიროზე ე.წ. სააკლიმატიზაციო ბაღი შექმნა. დღეს ის ბოტანიკური ბაღის „ზედა პარკია“.
ბოტანიკურ ბაღში კოლხეთის ტყის ნაკრძალი და რამდენიმე სახის ლანდშაფტია გაერთიანებული. ერთმანეთს ენაცვლება ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკები, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, მექსიკის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების, მთლიანობაში, 9 ფლორისტული განყოფილება.
ქვედა პარკში ნახავ მარადმწვანე მაგნოლიებს, ოლეანდრებს, კედრებს, ფიჭვებს, პალმებს, კვიპაროსებს. აუცილებლად გაიარე დიდყვავილებიანი მაგნოლიების ულამაზეს ხეივანში. ბაღის ამ ნაწილში დგას დ’ალფონსის სახლიც.
დიდყვავილა აბელიას, ქაღალდის ფაციას, იაპონურ კამელიასა და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენ უნიკალურ მცენარეს ნახავ ზედა პარკში. აქ ორი სკვერია, ერთი - ბოტანიკოს გორდეზიანის, ხოლო მეორე საქართველოს პატრიარქის ილია II-ის სახელს ატარებს.
1998 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრია.