KA

ბათუმის ზაფხულის ფესტივალი

ზაფხული წლის ყველაზე ფერადი და მხიარული სეზონია და თუ მოინდომებ, ამ მხიარულების დღესასწაულად ქცევაც შეიძლება. ბათუმი ამას ყოველ წელს ახერხებს და ივნისის პირველ რიცხვებში ზღვისპირა ქალაქის სანაპიროზე ზაფხულის ფესტივალი „ზაფხული იწყება აქ...“ იმართება.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

რას გთავაზობს ბათუმის ზაფხულის ფესტივალი?

არაფერი ჯობს ამ დროს ფერადი დეკორაციებით მორთულ სანაპიროზე გავლას - ჯამბაზები და ილუზიონისტები პლაჟზე წარმოდგენებს მართავენ, უკრავენ ფესტივალისთვის მოწვეული დიჯეები, ბენდები და ცნობილი ჰიტების ჰანგებზე ცეკვავენ დამსვენებლები. შეუჩერებლად მუშაობს ბუნგალოები, ღია კაფეები და ბარები. პლაჟზე მოწყობილია სახელდახელო სივრცეები უფროსებისა და ბავშვებისთვის, პატარებს კი ანიმატორები ართობენ.

ფესტივალის დღეს შეძლებ, სპეციალურ ფასად ისარგებლო იახტებისა და გემების მომსახურებით და სანაპიროზე შექმნილ ხალისიან ორომტრიალს ზღვიდანაც დააკვირდე.  

შეგიძლია მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა შეჯიბრებაში, მაგიდის ჩოგბურთი იქნება ეს თუ ქვიშის ფრენბურთი.

ზაფხულის მხიარულება მზის ჩასვლის შემდეგაც გრძელდება. პლაჟზე ცეცხლოვანი შოუ იმართება, ინთება კოცონები და ჰაერში ჰელიუმის ბუშტებს უშვებენ. 

ზაფხული ნამდვილად უნდა დაიწყო ბათუმით, სადაც წელიწადის ამ დროს ცაც კი სხვა ელფერს იძენს - დღისით ფერადი ფრანებისა და ღამით ულამაზესი ფეიერვერკების ფერს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა