საუკუნე-ნახევარზე მეტი ხნის შუქურა, რომლის ნათება 14 საზღვაო მილს აღწევს, ბათუმში XIX საუკუნის 60-იან წლებში გამოჩნდა, უფრო ზუსტად კი - 1863 წელს, როდესაც მისი პირველი შენობა აიგო. მაშინ ბათუმის ცნობილი ბულვარიც არ არსებობდა, მაგრამ ქალაქი ნაოსნობის განვითარებისთვის დიდ ნაბიჯებს დგამდა. ამ ნაბიჯებს ჯერ ბათუმის ნავსადგურის რეკონსტრუქცია მოჰყვა, შემდეგ კი - ბათუმის შუქურას განახლება.
1882 წელს ფრანგმა კონსტრუქტორებმა ქვის რვაწახნაგოვანი ფორმის ნაგებობა ააშენეს, რომელსაც თავზე ცილინდრული ფორმის მცირე კოშკი დაადგეს. კოშკში მათ სანათი მოწყობილობა განათავსეს. საარქივო მასალები მოგიყვება, რომ ადრე კოშკს გვერდებზე ერთსართულიანი ფლიგელები ჰქონდა, სადაც ბათუმის მეტეოროლოგიური სადგური იყო განთავსებული, ფუნქციონირებდა სეზონური სამაშველო პუნქტიც, რომელსაც 10 სამაშველო სანიჩბოსნო ნავი ჰქონდა და ამ ფლიგელებში შუქურას მორიგეები ცხოვრობდნენ.
დღეს ეს ფლიგელები აღარ არსებობს, თუმცა ბათუმის შუქურა სანავიგაციო ფუნქციას კვლავაც ასრულებს. საინჟინრო ხელოვნების ეს თვალსაჩინო ნიმუში ბათუმის ერთ-ერთი განსაკუთრებული სიმბოლოა.