KA
Barakoni Church

ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია

რაჭა, მწვანე მთებით გარშემორტყმული სოფელი წესი, მდინარეების - ლუხუნისა და რიონის შესართავი, ხეობაში შეყუჟული სახლები, შემაღლებულზე კი მარადისობის ნიშანივით მდგარი ბარაკონი - ეს ქართული ხუროთმოძღვრების ცოცხალი ძეგლია. როცა მას დაინახავ, აუცილებლად დაფიქრდები, რეალურია თუ არა ის.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ამბროლაური

ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიის ისტორია და არქიტექტურა

ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია 1753 წელს, რაჭის ერისთავის ბრძანებით, ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა ააგო. ტაძარი, თითქმის მთლიანად, სოფელ იწიდან მოზიდული ქვითაა ნაშენი. 

სწორკუთხა გუმბათოვან ეკლესიას მინაშენები არ აქვს. ის საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძზეა დაყრდნობილი. გარედან ტაძარს ჩუქურთმები ამშვენებს. 

გამორჩეულია მისი კანკელიც, რომლის მსგავსსაც იშვიათად შეხვდები სადმე - მაღალი, მრავალთაღიანი კანკელი თითქმის სრულად ხატებითაა შემკული. 

იმის გამო, რომ გუმბათოვანია და მის ახლოს მდინარეების შესართავია, ბარაკონს ხშირად პატარა სვეტიცხოველსაც უწოდებენ. 

ტაძართან ახლოს ადრე საერისთავო ეკლესია ყოფილა. აქ ჯერ კიდევ ორასი წლის წინათ საეკლესიო წიგნებს ბეჭდავდნენ. ეკლესიის მიმდებარედ თამარ მეფის ბრძანებით აშენებული ერთნავიანი ბაზილიკის ნანგრევებსაც ნახავ.

როცა ბარაკონის შიგნით და გარეთ ყველაფერს დაათვალიერებ, კიდევ ერთხელ შეავლე თვალი ხეობას, ადგილს, საიდანაც სამყარო სხვანაირი ჩანს.    

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა