ნაკრძალი 2,986 ჰექტარზეა გადაშლილი და მისი ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა, ყველაზე დაბალი კი - 700 მეტრზე.
ბაწარის ნაკრძალი მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც გადაშენების პირას მყოფი ბიბლიური ხის - ურთხლის უზარმაზარი, ხელუხლებელი კორომები 100 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული. ამ მცენარეს დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს, რადგან, მეცნიერების ვარაუდით, ნოემ თავისი კიდობანი, ღმერთის მითითებით, სწორედ ურთხლის ძელებისგან ააგო.
ეს ხე ძალიან ნელა იზრდება, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა. ამ ტყის უხუცესი ურთხელი კი ორი ათასი წლის იქნება. ურთხლის კორომში ხეების სიმაღლე, საშუალოდ, 30 მეტრს აღემატება, უმეტესობა კი 500-1000 წელზე მეტს ითვლის. ნაკრძალში წიფლის, ნეკერჩხლის, იფნის, ცაცხვისა და სხვა სახეობის ხეებსაც ნახავ.
ბაწარის დაცულ ტერიტორიაზე მრავალი სახის ცხოველსა და ფრინველს შეხვდები. აღსანიშნავია გლობალურად მნიშვნელოვანი, იშვიათი ფრინველების სახეობები: მთის არწივი (Aqula crysaetos), ფასკუნჯი (Neophron perncopterus), სვავი (Aegypius monachus), ორბი (Gyps fulvus), ბუკიოტი (Aegolius funereus), ბუხრინწა (Aegolius funereus) და შავი ყარყატი (Ciconia nigra).
ბაწარის ნაკრძალში შესვლა საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნითაა ნებადართული.