KA
Birtvisi Fortress

ბირთვისი

როგორც კი გამოიდარებს, მიწა გათბება და გული სალაშქროდ გაგიწევს, ბირთვისის ციხე უნდა გაიხსენო. მანძილი თბილისიდან ბირთვისამდე 70 კმ-ია.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
თეთრიწყარო

როგორ მოხვდები ბირთვისში?

თბილისიდან თეთრიწყაროს მიმართულებით დაიძვრები, ასურეთს გაივლი და სოფელ ტბისთან მარჯვნივ გადაუხვევ. აქ დაიწყება თავგადასავალი ბირთვისის ციხის დასალაშქრად.  

აქაური ლანდშაფტი იშვიათია - კლდეები, ტყე, ხეობა და კანიონი ერთმანეთთან არის შერწყმული; ორ კლდეს შორის გასაძრომ ბილიკს დევის ნაკვალევს ეძახიან და მას დედაციხისკენ მიჰყავხარ. 

ლეგენდა

ამ ბილიკის შესახებ ლეგენდაც არსებობს: სამების მთა, რომელიც ბირთვისს გადმოჰყურებს, დევს (ბოროტი არსება ქართულ მითოლოგიაში) დასთანხმებია, რომ მთის წვერს საცხოვრებლად მისცემდა, თუ მას  მამლის ყივილამდე ზღუდეს შემოავლებდა. დევს მუშაობა დაუწყია. როცა მთას დაუნახავს, რომ დევი დავალებას ასრულებდა, ცაში მამალი აუფრენია. მამალს უყივლია. ყივილზე დევი იმ ადგილს გასცლია და გზად კლდე გაურღვევია. მის ნაკვალევზე გაჩენილა ბილიკი, რომელსაც დევის ნარღვევსაც უწოდებენ.

ბირთვისის ციხის ისტორია

ბირთვისის ციხე არცერთ ციხეს არ ჰგავს. ბუნებრივად ციცაბო კლდოვან მასივში გამოკვეთილ ციხეს აუღებელს ეძახდნენ. ციხის აღება XIV საუკუნეში სასტიკმა თემურლენგმა მხოლოდ მერვე მცდელობაზე შეძლო.

ბირთვისის ციხის აგების თარიღი ცნობილი არ არის, ისტორიულ წყაროებში კი პირველად XI საუკუნეში გვხვდება. 

ციხე რამდენიმე ნაწილისგან შედგება. აქ იყო როგორც საბრძოლო, ისე საცხოვრებელი და სამეურნეო სახის ნაგებობები, წყლის რეზერვუარი. დედაციხისკენ მიმავალ გზაზეა ხეობის ჩამკეტი მთავარი კარიბჭე, ყველაზე მაღალ კლდეზე კი სათვალთვალო კოშკი - „შეუპოვარი“ დგას.

აქედან ისეთი ხედებია, სუნთქვას შეგიკრავს. გზადაგზა ბევრი ადგილია დასასვენებლად და კარვების გასაშლელად. ზაფხულის სიცხეში კი ულამაზეს ბირთვისის კანიონზე გაგრილებასაც შეძლებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა