KA
ბორანო

ბორანო

შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სამზარეულოში ნებისმიერი გემოვნების ადამიანი აღმოაჩენს თავის სასურველ კერძს, თუმცა ეგზოტიკური გასტრონომიის მოყვარულებისთვის აჭარა და აჭარული სამზარეულო ნამდვილი აღმოჩენაა. გარემომ და ენდემურმა პროდუქტებმა აქ სათავე დაუდო სპეციფიკურ და საინტერესო კერძებს, რომელთა მსგავსსაც საქართველოს ვერცერთ მხარეში ვერ შეხვდები. ერთ-ერთი ასეთია ბორანო, უმარტივესი კერძი, რომელიც სულ ორი პროდუქტისგან - ყველისა და ერბოსგან მზადდება.   

ბორანოს შექმნის ისტორია

ბორანო პირველად მთიან აჭარაში დაამზადეს, იქ, სადაც ხანგრძლივი და უხვთოვლიანი ზამთარი იცის. მისი ამბავი საუკუნეების წინ იწყება და საქართველოს ამ რეგიონში მესაქონლეობისა და რძის წარმოების განვითარებას უკავშირდება. 

ბორანო, როგორც მაღალკალორიული საკვები, ზუსტად შეესაბამება ზემო აჭარლების ტრადიციული ცხოვრების წესს, რომელიც მუდმივ შრომასა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, როგორიცაა ჭალობა - ჭალის ცელვა, ყანობა - ყანის აღება, თივისა და შეშის მომარაგება, ნადირობა და სხვა. 

„ბორა“, „ბორაი“, „ბორაო“, „ბორანი“ და „ბორანო“ მოხრაკულს ნიშნავს, ბორანოს შემთხვევაში კი ის იაღში, ანუ ერბოში ჩალბობილი, მოხრაკული ყველია.  

ბორანო, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

მიუხედავად იმისა, რომ მისი სამშობლო მაღალმთიანი აჭარაა, ბორანო არის ყველგან, სადაც აჭარის მკვიდრ ადამიანს შეხვდებით. ის ერთ-ერთ მთავარ კერძად მიიჩნევა და სტუმრებისთვისაც აუცილებლად ამზადებენ.  

აჭარის გარდა, ბორანოს დღეს საქართველოს რესტორნების ტრადიციული კერძების მენიუშიც ნახავ. მას, როგორც ტრადიციული ქართული გასტრონომიის გამორჩეულ ნიმუშს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

რა ინგრედიენტებისგან მზადდება ბორანო?

გემრიელი და ნოყიერი ბორანოს გემოს საიდუმლოება რძის პროდუქტების მაღალკალორიულობასა და არომატშია. 

ბორანოს მთავარი ინგრედიენტი აჭარული დაწნული ყველია. მართალია, აჭარაში ყველის ბევრნაირი სახეობაა, მაგრამ ბორანო აუცილებლად აქაური დაწნული ყველით უნდა მომზადდეს. როგორც ბორანოს ოსტატები ამბობენ, სასურველია, დაწნული ყველი დაძველებული იყოს, რადგან მისი გემო კერძს განსაკუთრებულს ხდის.

მეორე მთავარი ინგრედიენტი მარილიანი კარაქია, რომლის დადნობითაც იაღი, ანუ ერბო მიიღება. ერთი ულუფა ბორანოსთვის 100 გრ ყველი და 50 გრ კარაქი საკმარისია. 

როგორ მოვამზადოთ ბორანო?

დაქუცმაცებულ აჭარულ ყველს მდუღარე წყალში ალბობენ. თუ ყველი ძალიან მარილიანია, წყალი რამდენჯერმე უნდა გამოეცვალოს. კარგად დარბილების შემდეგ ყველს წყალს გადაუწურავენ და ქვაბში ტოვებენ. შემდეგ ტაფაში აადუღებენ იაღს – მარილიან კარაქს, ისე, რომ მოყავისფრო ფერი მიიღოს და შიგნით ჩაუშვებენ გადაწურულ, დამბალ ყველს. კერძს დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი აჩერებენ. მასას ოქროსფერი რომ მიეცემა, ცეცხლიდან გადმოდგამენ და სასურველ, ღრმა ჭურჭელში ასხამენ. 

ზოგჯერ ბორანოს სიმინდის ფქვილსაც უმატებენ, ამ კერძის თანამედროვე ვერსიაში კი ფქვილსა და კვერცხსაც იყენებენ. თუკი ბორანო ოდნავ თხელი გამოვა, მობრაწული კარაქის მოსხმის შემდეგ დაახლოებით 50 გრამი პურის ფქვილის დამატებაც შეიძლება.

კერძების მრავალფეროვნებით გამორჩეულ აჭარულ სუფრაზე ბორანო ცხელ-ცხელი მიაქვთ. მას განსაკუთრებით უხდება ცხელი მჭადი და კიტრისა და პომიდვრის სალათა. ბორანოს თეთრ ღვინოსთან ერთად განსაკუთრებული ხიბლი აქვს და მისი დაგემოვნება ორმაგად სასიამოვნო ხდება. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა