KA
Gremi Monastic Complex

გრემის სამონასტრო კომპლექსი

თელავიდან ყვარლისკენ რომ აიღებ გეზს, 15-20 წუთის სავალზე, შემაღლებულ ადგილზე ტაძარი გამოჩნდება - ეს გრემია, XV საუკუნის სამონასტრო კომპლექსი და ციხე-ქალაქი.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
ყვარელი

გრემის ისტორია და არქიტექტურა

გრემის კომპლექსს დღემდე შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი არქიტექტურული იერსახე და ის სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისგან შედგება. კომპლექსის მთავარი ნაგებობა გრემის მთავარანგელოზის ეკლესიაა, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუშია. აგებული და მოხატულია 1565-77 წლებში, კახეთის მეფე ლევანის დროს. 

მეფე ლევანის პორტრეტი ინტერიერში, დასავლეთ კედელზეა გამოსახული, სადაც მეფეს ეკლესიის მოდელი უპყრია ხელთ. მეფის მარცხნივ წმინდა მეომრის ფიგურაა, მარჯვნივ კი - ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი, ჩვილი ქრისტეთი ხელში. მეფე ლევანი დაკრძალულია გრემშივე, სწორედ ამ ფრესკის ქვემოთ.

ციხე-ქალაქის ტერიტორიაზეა ასევე 3-სართულიანი სასახლე-სამრეკლო; მარანი საწნახლით; კოშკებიანი გალავანი სათოფურებით, რომელიც საფორტიფიკაციო დანიშნულების ყოფილა; ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ. 

თუკი ნეკრესის სამონასტრო ანსამბლსაც მოინახულებ, რომელიც ყვარელთან ახლოს მდებარეობს, კომპლექსში შემავალ ღვთისმშობლის შობის ბაზილიკის სამხრეთ კედელზე მეფე ლევანის, მისი მეუღლის - დედოფალ თინათინისა და მათი ვაჟიშვილის პორტრეტებსაც ნახავ. ბაზილიკა  VI-VII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული და XVI საუკუნეში მეფე ლევანის თაოსნობით მოუხატავთ.

გრემის მონახულებისას გირჩევთ, ეწვიოთ გრემის მუზეუმსაც. მისი მცირე ნაწილი განთავსებულია უშუალოდ სასახლე-სამრეკლოში ხოლო ძირითადი ნაწილი მუზეუმის შენობაში, რომელიც კომპლექსის მახლობლადაა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა