ძველი ქალაქიდან ამჟამად კარგად არის შემონახული კლდოვან ქედზე მდგარი მთავარანგელოზთა ტაძარი, 3-სართულიანი სასახლე-სამრეკლო, სადაც გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული მასალაა გამოფენილი და რომელსაც კოშკებიანი გალავანი აქვს. ამ კომპლექსს ხალხი ტაძრის სახელის მიხედვით „მთავარანგელოზს“ ეძახის; აქვეა მარანი და ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ.
დასავლეთით, დაბლობზე კი ქალაქი იყო გაშენებული - სავაჭრო უბნითა და სასტუმრო-ქარვასლით, საზოგადო დანიშნულებისა და სამეფო აბანოებით. აქაურობა წყლითაც მარაგდებოდა - ნაქალაქარში კერამიკული მილის წყალსადენებია აღმოჩენილი.
1616 წელს შაჰ-აბასმა კახეთის მხარე ააოხრა, მათ შორის გრემიც. მას შემდეგ ქალაქი ფეხზე ვეღარ წამოდგა და აქ ცხოვრება ნელ-ნელა შეწყდა.
ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი თბილისიდან 120 კილომეტრითაა დაშორებული. თავად გრემიდან საკმაოდ ახლოსაა ლაგოდეხი, თავისი ცნობილი ეროვნული პარკით; ნეკრესის უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლი; ალავერდის ტაძარი, რომელიც უკიდეგანო ალაზნის ველზეა აღმართული და ყველაზე მაღალი ეკლესიაა საქართველოში შუა საუკუნეებში აგებულ ტაძრებს შორის.
გრემი, ისევე როგორც მთელი კახეთი, სახელგანთქმულია სტუმართმოყვარეობით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი და საუკეთესო კახური ღვინოებით, აქ ქვევრის ღვინოსაც დააგემოვნებ. ცნობისთვის, ქართული მეღვინეობა, სულ მცირე, 8 000 წელს ითვლის, რის გამოც ეს ქვეყანა ღვინის წარმოშობის ადგილადაა აღიარებული.