KA
Gremi Fortress

გრემის ციხესიმაგრე - ყვარლის ღირსშესანიშნაობა

კლდოვან ქედზე აღმართული ეს დიდებული ციხესიმაგრე თითქმის 700 წელია, ამაყად გადმოჰყურებს სოფელ გრემს, რომელიც კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
ყვარელი

გრემის ციხესიმაგრის ისტორია და სტრუქტურა

ციხესიმაგრემ მრავალი ბრძოლა გადაიტანა, სანამ ჩვენამდე მოაღწევდა. თუ ციხის დასათვალიერებლად გიდს გაიყოლებ, ის ქართველთა ბრძოლებისა და გმირობის უამრავ ამბავსაც მოგიყვება. 

მაღალი გალავნით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე სამსართულიანი სასახლე, ეკლესია, სამრეკლო და სხვა დამხმარე ნაგებობები დგას. ციხესიმაგრე საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბებით მდინარე ინწობას უკავშირდება - ეს იმ შემთხვევისთვის, თუ მტრის ალყაში მოექცეოდა. 

გრემის კომპლექსის თვალსაჩინო ნაგებობაა მთავარანგელოზის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ცაში აზიდული პროპორციებით ქართული ტაძრებისგან გამორჩეულია. ის 1565 წელს კახეთის მეფე ლევანმა ააგო. ტაძრის დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კედელზე თავად ლევან მეფის ფერწერულ გამოსახულებასაც ნახავ.

ციხესიმაგრის მთავარი მისია მის ქვეშ გაშენებული ქალაქის - გრემის დაცვა იყო. ამ ადგილას უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ადამიანები, XV საუკუნეში კი გრემის მნიშვნელობა გაიზარდა და მთელი საუკუნე კახეთის სამეფოს დედაქალაქის სტატუსსაც ატარებდა. არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ გრემი მოწინავე და განვითარებული ქალაქი იყო, რომელიც დაახლოებით 50 ჰექტარს მოიცავდა. ქალაქში გაშენებული იყო მეფის სასახლე, ბაზარი, ქარვასლა და აბანო. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა