KA
2024-12-26T10:33:54.000000Z
რა უნდა ვიცოდეთ გუდაურში ზამთრის სეზონზე გამგზავრებამდე

რა უნდა ვიცოდეთ გუდაურში ზამთრის სეზონზე გამგზავრებამდე

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზამთრის კურორტი თბილისიდან მხოლოდ 120 კილომეტრში მდებარეობს. გუდაური გამორჩეული სამთო-სათხილამურო კურორტია როგორც ადგილმდებარეობით, ასევე ინფრასტრუქტურითა და სერვისებით. გუდაურში დასვენება უკვე წლებია თხილამურების მოყვარულთა შორის პირველი არჩევანია, თუმცა მისი პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება სხვა ექსტრემალური სპორტის მოყვარულთა შორისაც.
სარჩევი

აღსანიშნავია, რომ გუდაურში მდებარეობს ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილზე მოწყობილი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, სადაც მთის, ალპური, სათხილამურო და საფეხმავლო გამყოლები სწავლობენ. სკოლა გასცემს საერთაშორისო IFMGA სერტიფიკატს, რაც ადასტურებს კურორტზე დამკვიდრებულ მაღალ მომსახურების სტანდარტებს.

ზამთრის სეზონის სპეციფიკა

სათხილამურო სეზონი გუდაურში დეკემბრის პირველ ნახევარში იწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ პერიოდში თოვლის საფარის სიმაღლე საშუალოდ 1-2 მეტრს აღწევს, რაც ოპტიმალური მაჩვენებელია ყველა სახის სათხილამურო სპორტისთვის. თოვლის ხარისხი განსაკუთრებით მაღალია კურორტის ჩრდილოეთ ფერდობებზე - ამ მხარეს სეზონი ყველაზე ხანგრძლივია, შედარებით ადრე იწყება და, როგორც წესი, გვიან მთავრდება. კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე სრიალის შესაძლებლობა კობის უღელტეხილის წყალობით არის შესაძლებელი.

გუდაური ზამთარში განსაკუთრებით მიმზიდველია ვიზიტორებისთვის - ითვლება, რომ იანვარი-თებერვალი საუკეთესო პერიოდია კურორტზე დასასვენებლად. თოვლის საფარი ამ დროის მონაკვეთში სტაბილურია და კლიმატური პირობებიც ოპტიმალურია. შესაბამისად, თუ ამ პერიოდში გსურთ ვიზიტი, საჭიროა ყველა ლოგისტიკური საკითხი (ტრანსპორტირება, დასარჩენი ადგილი, აქტივობები და ა.შ.) რაც შეიძლება ადრე დაგეგმოთ და წინასწარ დაჯავშნოთ, რადგან სეზონზე ტურისტების რაოდენობა ძალიან მაღალია. განსაკუთრებით დატვირთულია დეკემბრის ბოლო და იანვრის პირველი ნახევარი - საახალწლო პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობა აბსოლუტურ პიკს აღწევს. თუ ახალი წლის გუდაურში აღნიშვნა გსურთ, თადარიგი მინიმუმ 2 თვით ადრე უნდა დაიჭიროთ და ისიც გაითვალისწინოთ, რომ ფასები სტანდარტულზე მნიშვნელოვნად მაღალი იქნება. შედარებით ხელმისაწვდომი დასვენება სეზონის ბოლოსკენაა - მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში ფასები მცირდება, თუმცა თოვლის ხარისხი ნაკლებად სტაბილურია.

სათხილამურო ინფრასტრუქტურა

გუდაური აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი სათხილამურო კურორტია. კურორტის ქვედა წერტილი ზღვის დონიდან 1,989 მეტრზეა, ხოლო საბაგიროებით 3,276 მეტრამდეა შესაძლებელი ასვლა. კურორტზე ფუნქციონირებს თანამედროვე საბაგირო გზების ერთიანი სისტემა. 

მას შემდეგ რაც კურორტზე ინფრასტრუქტურა განახლდა, გუდაური თხილამურებით სრიალის სულ უფრო მეტ ენთუზიასტს იზიდავს არა მხოლოდ რეგიონიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 37 კილომეტრია. ტრასები დაყოფილია ევროპული კლასიფიკაციის მიხედვით: მწვანე ტრასები დამწყებთათვის, ლურჯი - საშუალო დონის მოთხილამურეებისთვის, წითელი - გამოცდილთათვის და შავი - პროფესიონალებისთვის. კურორტზე მოქმედებს "სნოუ პარკი", რომელიც ფრისტაილის მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი. პარკის სიმაღლე 2,720-დან 2,845 მეტრამდეა.

ტრანსპორტირება ზამთარში

თბილისი-გუდაურის მარშრუტი, როგორც წესი, 2-2.5 საათს მოითხოვს. გზის უმეტესი ნაწილი კარგ მდგომარეობაშია, და რეგულარულად ახლდება-იწმინდება. მარშრუტის უდიდესი ნაწილი E117 გზატკეცილზე გადის, რომელსაც დაახლოებით 10 ქვეყანა იყენებს მუდმივი სახმელეთო ტრანზიტისთვის, შესაბამისად, ყველაზე მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი გზა იშვიათად იკეტება.

თუმცა განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო გზის ბოლო მონაკვეთზე. სერპანტინი, რომელიც ალპურ ზონაში ადის, ზამთრის სეზონზე ხშირად დიდთოვლობის გამო რთული გასავლელია.

თბილისიდან ხელმისაწვდომია ტრანსპორტირების ალტერნატიული საშუალებები, მათ შორის კერძო ტრანსფერები და სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც რეგულარულად მოძრაობენ თბილისიდან.

უსაფრთხოების წესების დაცვა გუდაურში

2016 წლიდან გუდაურის ტრასებზე მუდმივად მოძრაობს მოთხილამურე პატრული და სპეციალურად მომზადებული მაშველები. კურორტზე მოწყობილია სამედიცინო პუნქტი და სასწრაფო დახმარების სამსახური. თუმცა დამსვენებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სტანდარტული სამოგზაურო დაზღვევა ხშირად არ ფარავს სათხილამურო აქტივობებს და ვიზიტამდე საჭიროა შესაბამისი დაზღვევის პაკეტის შეძენა.

გუდაურში სტანდარტულად სავალდებულოა უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა: ჩაფხუტის გამოყენება, სიჩქარის კონტროლი, ტრასების მარკირების გათვალისწინება და ამინდის პირობებზე დაკვირვება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზვავსაშიშროების შესახებ გაფრთხილებებს. კურორტზე მოქმედებს სპეციალური სამსახური, რომელიც აკონტროლებს ამინდის პირობებს და საჭიროების შემთხვევაში გასცემს შესაბამის გაფრთხილებას.

ზამთრის აქტივობები და სერვისები

გარდა თხილამურებით სრიალისა, გუდაურში პოპულარულია სნოუბორდი, ფრისტაილი და ჰელი-სქი (გაუკვალავ თოვლში სრიალი, როდესაც კურორტის მიმდებარე მთების ფერდობებამდე მოთხილამურე ვერტმფრენს გადაჰყავს). 

კურორტზე ფუნქციონირებს რამდენიმე სათხილამურო სკოლა, სადაც შესაძლებელია გამოცდილ ინსტრუქტორებთან როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური გაკვეთილების დაჯავშნა.

ასევე ფუნქციონირებენ მთის კურორტებისთვის სტანდარტული აღჭურვილობის გაქირავების პუნქტები. ფასები სხვა მაღალმთიან ევროპულ კურორტებთან შედარებით ხელმისაწვდომია. თხილამურების, ჩექმების და ჯოხების კომპლექტის დღიური ღირებულება დაახლოებით 50 ლარია, ხოლო სნოუბორდის აღჭურვილობის - 70 ლარი. 

გარდა კლასიკური ზამთრის სპორტისა, ხელმისაწვდომია დამატებითი აქტივობებიც, მაგალითად თოვლის მოტოციკლები, ციგურებით სრიალი და პარაპლანით ფრენა, თუმცა ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამინდებზე, ამიტომ სეზონის პიკზე შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი.

განთავსება და დამატებითი სერვისები

გუდაურის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა 80-იანი წლების ბოლოს პირველი სასტუმრო "მარკო პოლოს" გახსნით დაიწყო, თუმცა ნამდვილი განვითარება კურორტზე 2010-იან წლებში დაიწყო, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც საშუალო, ისე მაღალი კლასის სასტუმროების რაოდენობა. დღეისათვის განთავსების არჩევანი ფართოა -  ბიუჯეტური საოჯახო სასტუმროები, კერძო აპარტამენტები, პრემიუმ კლასის სასტუმრო კომპლექსები. 

ოპტიმალური განთავსების ადგილის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი საბაგირო სადგურებთან სიახლოვე უნდა იყოს. ახალი გუდაური ამ მხრივ გაცილებით მოხერხებულია - საბაგიროების უმეტესობა სწორედ აქ არის თავმოყრილი. ძველი გუდაურის ტერიტორიიდან საბაგიროებამდე მისასვლელად კი ხშირად დამატებითი ტრანსპორტია საჭირო.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა კურორტზე სხვადასხვა კატეგორიის კვების ობიექტების რაოდენობაც. ფასები საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით მაღალია, განსაკუთრებით რეკრეაციულ ზონაში. დაწესებულებათა დიდი ნაწილი მხოლოდ ზამთრის სეზონზე ფუნქციონირებს, რაც სერვისს კიდევ უფრო აძვირებს. შედარებით ხელმისაწვდომი ფასებისთვის ძველი გუდაურის ტერიტორიაზე არსებულ რესტორნებსა და კაფე-ბარებს გადაავლეთ თვალი.

კურორტზე ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე სუპერმარკეტი, ბანკის ფილიალები, აფთიაქები და პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები. ტურისტებისთვის რეკომენდებულია ადგილობრივი მობილური ოპერატორის სიმ-ბარათის შეძენა - ზოგიერთ მაღალ ზონაში კავშირი შესაძლოა არასტაბილური იყოს და ეს პრობლემა უფრო გამოხატულია არაადგილობრივი ოპერატორების შემთხვევაში. თუმცა საერთო ჯამში, ინტერნეტის კავშირი შედარებით დაბალხარისხიანი, მაგრამ უწყვეტია (იშვიათი გამონაკლისების გარდა).

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა