საშობაო ღვეზელი ოჯახის თითოეული წევრისთვის პერსონალურად ცხვებოდა, ყველაზე დიდი ფორმის კი ოჯახის უფროსისთვის იყო განკუთვნილი. ბავშვებისათვის პატარა ზომისას ამზადებდნენ. ასევე ცხვებოდა ერთი განსხვავებული, მოზრდილი ფორმის ღვეზელი, რომელშიც ყველაზე ბევრი კვერცხი იდო. ის, ტრადიციულად, სუფრის შუაგულში იდებოდა, მასზე სანთელს ანთებდნენ და სწამდათ, რომ ეს ოჯახის ბარაქისა და კეთილდღეობისათვის კეთდებოდა. ქალი, რომელიც ცომს ზელდა, თან ლოცვას ამბობდა და ბოლოს გამოსაცხობად დალაგებულ ღვეზელებზე ცომით პატარა ჯვრებს ასვამდა. საშობაო ღვეზელი უსათუოდ ნახევარმთვარის ფორმის უნდა ყოფილიყო. გადმოცემის თანახმად, ეს - ციური სხეულების, ხოლო კვერცხი ნაყოფიერების, ხვავისა და ბარაქის სიმბოლოა.
გურიაში ღვეზელები სხვა დროსაც ცხვებოდა - როცა დედა ახალგათხოვილი გოგოს ოჯახში სტუმრად მიდიოდა ან ნათლული ნათლიას ესტუმრებოდა. ამ შემთხვევაში ღვეზელი შეიძლება სხვა ფორმითაც გამოეცხოთ. განსაკუთრებული პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ღვეზელში მოხარშულ მთლიან კვერცხს დებდნენ და რაც მეტი იყო კვერცხი, მით მეტად იყო გამოხატული პატივისცემა. ღვეზელი საუკეთესო ხელსამშვენისი იყო ვინმეს მოსანახულებლად, მაგრამ მთავარი ტრადიცია მაინც შობის დღესასწაულს უკავშირდებოდა.
ამისთვის სამზადისი რამდენიმე დღით ადრე იწყებოდა, დიასახლისი კარგად მოხარშულ, ნაჭუჭგაცლილ კვერცხებს კალათაში ჩააწყობდა ან ტილოში გამოკრავდა და ბუხარში, ხან კი შუაცეცხლის თავზე გამოკიდებდა, რომ კვერცხი შებოლილიყო და ის გემო მისცემოდა, რაც ასე გემრიელს ხდიდა გულსართიანს. დღეს კი შებოლვის ნაცვლად მოხარშულ კვერცხს ცხიმიან ტაფაზე ბრაწავენ ან ღუმელში კარგად აშრობენ. გურულ ღვეზელს, თავისი მონათესავე, ყველისა და ცომის კომბინაციით გამომცხვარი ხაჭაპურებისგან, ფორმის გარდა, კვერცხიც გამოარჩევს. გურული ხაჭაპურის - ღვეზელის ცომი რბილი და თვინიერი უნდა იყოს. სასურველია, ის რძითა და წყლის თანაბარი წილით მოიზილოს.
შეათბე წყალი/რძე, შეურიე მარილი, შაქარი და გახსენი საფუარი. ჩაყარე ფქვილის ნახევარი თასში და გაუკეთე ჩაღრმავება. ჩაუმატე საფუვრიანი წყალი/რძე და ზეთი. მოზელილი რბილი ცომისგან გააკეთე ბურთი, შეფუთე და 2 საათით დატოვე თბილ ადგილას. ცომი რომ გაფუვდება, შეურიე ფქვილის მეორე ნახევარი და ზეთიანი ხელით კარგად მოზილე. მიღებული ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე გადაიტანე და ხუთ თანაბარ ნაწილად გაყავი. გადააფარე კულინარიული ცელოფანი და თბილ ადგილას 15-20 წუთით დატოვე.
დაფშხვენი ყველი. მოხარშული კვერცხი გაჭერი შუაზე. ცომის ბურთები 4-5 მილიმეტრის სისქეზე ხელით გააბრტყელე. თითოეულის ცალ მხარეს გადაანაწილე ყველი და მოაწყვე შუაზე გაჭრილი კვერცხის ნაჭრები. ზევიდან გადმოკეცე ცომის მეორე ნახევარი და კიდეებზე თითების დაჭერით შეუკარი პირი.
მოაყარე ფქვილი საცხობ ლანგარს, დაალაგე მასზე ნახევარმთვარისებური ფორმის ღვეზელები. ცომისგან გამოიყვანე პატარა ჯვრები, დაასვი ღვეზელებს და თავზე კვერცხის გულში ათქვეფილი მაწონი გადაუსვი. შედგი ღუმელში და გამოაცხვე მაღალ ტემპერატურაზე. 20-25 წუთში ღვეზელი მზად იქნება.
გურიაში, ტრადიციულად, ხაჭაპურის კიდევ ერთ სახეობას აკეთებდნენ, რომელიც მხოლოდ კეცზე ცხვებოდა. მას ბრინჯულას ეძახიან. პურის ფქვილის ნაცვლად, ბრინჯულა დაფქული ბრინჯით იზილებოდა და სახელიც აქედან გაჩნდა. დღეს ბრინჯულასაც პურის ფქვილით ზელენ და ღუმელში აცხობენ. ის მარტივი გასაკეთებელია.
400 გრამ მაწონს უმატებენ ნახევარ ჩაის კოვზ სოდას, 250 გრამ თბილ წყალს, ცოტაოდენ მარილს, 2 ცალ კვერცხს და კარგად თქვეფენ. შემდეგ იმდენ ფქვილს ურევენ, რომ ოლადების სისქის ცომი მიიღონ, რომელსაც ცხიმიან ყალიბში თანაბარ სისქეზე გაანაწილებენ. ზემოდან დაფშვნილ ყველში არეულ კვერცხს მოაფენენ და ღუმელში აცხობენ. როგორც კი თავი მოებრაწება, ბრინჯულა მზადაა.